უფლებადამცველები გოგა ხაჩიძის საქმიანობის შესწავლას ითხოვენ
„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, გოგა ხაჩიძის გარემოს დაცვის მინისტრობისას მის საქმიანობასთან დაკავშირებით პროკურატურაში უამრავი საჩივარი შევიდა, რასაც მაშინ რეაგირება არ მოჰყოლია. ნიკოლოზ მჟავანაძე პროკურატურას მოუწოდებს, გადახედოს ამ საჩივრებს და ექსმინისტრის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
,,გარემოს დაცვის სამინისტროში უამრავი მაღალჩინოსანი თუ დაბალი რანგის მოხელე დაიჭირეს ქრთამის აღებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით დაპატიმრებები ტყეებში ხეების მასობრივ ჭრას უკავშირდება, რომელშიც ჩართული იყვნენ სატყეო დეპარტამენტის მაშინდელი თანამდებობის და დაბალი რანგის პირები. არსებობდა ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო ამ კორუფციულ სქემებში გარემოს დაცვის მინისტრიც ყოფილიყო ჩართული. თუმცაღა საუბრობდნენ იმაზეც, რომ ხაჩიძეს ზემოდან მფარველობდნენ. ის გახლდათ ერთ -ერთი მინისტრი, რომელმაც ყველაზე დიდხანს გაძლო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს თავის პოზიციაზე.
სწორედ ხაჩიძის მინისტრობას უკავშირდება სარეკრეაციო ზოლების შემცირება, ეროვნული პარკების ნაწილისთვის სტატუსის მოხსნა, იშვიათ სახეობებზე ნადირობის დაკანონება, საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, დაინტერესებული საზოგადოებისათვის თანამონაწილეობის შეზღუდვა, საწარმოების მხრიდან გარემოს დაბინძურება და ამაზე თვალის დახუჭვა.
ასევე ბურუსითაა მოცული საერთაშორისო კონფერენციების და სხვა სახის ღონისძიებებზე გაწეული ხარჯები. განსაკუთრებით თვალშისაცემია კონფერენცია „თბილისი + 35“, როცა სამინისტრომ მთელი თავისი ბიუჯეტის 20 პროცენტი, ანუ მილიონნახევარ ლარზე მეტი აღნიშნული კონფერენციისთვის დახარჯა.
ხაჩიძის სამსახურებრივი გულგრილობისა და დანაშაულებრივი უმოქმედობის შედეგად არ გატარდა ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის გამოც ხანძრების შედეგად ათეულ ათასობით ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა, და როცა ვაშლოვნის ნაკრძალში უნიკალური ჯიშის ხეები იწვოდა, მინისტრი ხაჩიძე ამ დროს სალომე ქათამაძესთან ერთად ქუთაისში დოლზე დაკვრით ართობდა პუბლიკას, მსგავსი მარგალიტები ხშირია მის მოღვაწეობაში. სამწუხაროდ, ის დღესაც ვერ გამოვიდა თინეიჯერული ასაკიდან და საზოგადოებას მსგავსი მაგალითებით უფრო ამახსოვრებს თავს.
ვფიქრობთ, როლანდ ახალაიას მსგავსად, ხაჩიძის პასუხიმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს და პარლამენტის დეპუტატობა გამოძიებისთვის დაბრკოლებად არ უნდა იქნეს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად”,-აცხადებს მჟავანაძე.