მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიმალვაში მყოფ მეგის ქარდავას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეეფარდა. საქმეში ბრალდებულ კოხტა თოდუას ასევე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით, 13 ბრალდებულიდან უდანაშაულოდ მხოლოდ ერთი, რუსლან შამახია იქნა ცნობილი. ის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. რაც შეეხება ბრალდებულ პაატა ქირიას – 6 წლით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს კობა თოდუას – 9 წლით, გიორგი ბულიას – 6 წლით და თემურ უბირიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ირაკლი ახალაიას – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული პირები რამდენიმე ბრალდებაში ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნეს და მოსამართლის განაჩენი სწორედ ბრალდების იმ მუხლებიდან გამომდინარეობს, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი დამნაშავეები არიან. საქმეში კიდევ 3 ბრალდებულს: ლევან ქირიას, მარლენ ხვიტიას და გოჩა შონიას, როგორც ცნობილია, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ სპეციალურ სამალავებში აღმოჩნდა ვიდეოფირები. ფირებზე აღბეჭდილი იყო ადამიანების წამების, ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2013 წლის ზაფხულში შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, სამეგრელოში აღმოჩენილია ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად მოწყობილი, სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები, რომლებშიც ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის, დივერსიული საქმიანობის წარმოებისათვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები, სამხედრო ამუნიცია, აგრეთვე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები, კერძოდ, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ოპიუმი“, „სუბოტექსი“ და სხვა.
ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში.
ნიშანდობლივია, რომ ცალკეული დოკუმენტები შედგენილია ხელით, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიკაციისა და დაკავებისათვის. გარდა ამისა, სამალავებში ნანახი იქნა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი.