მანანა ვაზაგაშვილი: არც ჩვენი გარდაცვლილი ბიჭი გაცოცხლდება და არც ჩემი ძმა, მაგრამ სასჯელის მაქსიმალური ვადა შვება იქნებოდა

2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურა ვაზაგაშვილის ოჯახი ირაკლი ფირცხალავასთვის და გიორგი ცააძესთვის 12- წლიანი პატიმრობის შეფარდებით უკმაყოფილოა. როგორც “კვირას” მოკლული ზურა ვაზაგაშვილის მამიდამ, მანანა ვაზაგაშვილმა განუცხადა, ე. წ კორტების საქმეში ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა ეკუთვნოდათ.
როგორც მანანა ვაზაგაშვილმა აღნიშნა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით ვერც მისი ძმისშვილი და ვერც მისი ძმა გაცოცხლდება, თუმცა ოჯახისთვის, სასჯელის მაქსიმალური ვადის გამოყენება შვება იქნებოდა.
“ჩვენ მოველოდით უფრო მეტს. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობა არ ეკუთვნოდათ?
ბიჭები საკონტროლო გასროლით მოკლეს. ტვინი უკანა სავარძელზე იყო მისხმული, შეიძლებოდა 12- 12 წელი მიეცათ? იმიტომაც მოიშორეს იური ვაზაგაშვილი, რომ იცოდნენ ჩემი ძმა ამას არ დაუშვებდა.
60-კაციანი სიიდან მხოლოდ 4 კაცი დაიჭირეს, მეტი არავინ. შეიძლებოდა 12 წელი მიეცათ? ეს მუხლი 16-დან 20 -წლამდე ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, 20 წელი მაინც მიეცათ?! უდანაშაულო კაცი შეეწირა ამ ამბავს. 4 თვეა მიმდინარეობს პროცესი და 4 თვის განმავლობაში ყველამ დაადასტურა, რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზარახ მკვლელობა. ამის მერე 12 წელი როგორია? მაგით არც ჩვენი გარდაცვლილი ბიჭი გაცოცხლდება და არც ჩემი ძმა, მაგრამ დაზარალებული ოჯახისთვის რაღაც შვება იქნებოდა”, – განაცხადა “კვირასთან” მანანა ვაზაგაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. აღნიშნულ საქმეზე განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალდებულები: ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ ცნო, ხოლო 369-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში – ფალსიფიკაციის ნაწილში გამართლდნენ. მათ 12 წელი მიესაჯათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები