ირაკლი ფირცხალავას მეუღლე: ყველას მოეკითხება პასუხი, ვისაც ამ საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონდა

ირაკლი ფირცხალავას მეუღლე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევს და სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
როგორც „კვირას“ ნინო ხვიტიამ განუცხადა, ირაკლი ფირცხალავას ოჯახი ყველა საჭირო სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს და ბოლომდე იბრძოლებს სამართლიანობისთვის. ხვიტია, ამბობს, რომ დღევანდელი სასამართლო უფრო მეტად პოლიტიზებულია, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს.
„სად არის სამართალი? ეს არ იყო სასამართლო, ეს იყო ცირკი. გილოცავთ, ახლანდელი სასამართლო უფრო პოლიტიზებულია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. რომელ სამართლიანობაზეა საუბარი, ქვეყანაში არც პროკურატურაა და არც სასამართლო. დღეს პროკურატურა იუსტიციის მინისტრს ექვემდებარება, სწორედ მინისტრმა წაახალისა კრიმინალები და მან კრიმინალებს ძეგლი დაუდგა. ამის შემდეგ, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო?! აუცილებლად გავასაჩივრებთ და ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ, ძალიან მალე შეიცვლება ხელისუფლება და ყველას მოეკითხება პასუხი, ვისაც ამ საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონდა. ძალიან მალე ყველა ის პირი, ვისაც ამ საქმესთან შემხებლობა ჰქონდა ჩემი მეუღლის ადგილას აღმოჩნდება“, – განაცხადა ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.
სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალდებულები – ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ ცნო, ხოლო 369-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში – ფალსიფიკაციის ნაწილში გამართლდნენ. მათ 12 წელი მიესაჯათ.
თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს განზრახ მკვლელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მოსამართლემ მას 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინების შედეგად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები