ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა – ფირცხალავას და ცააძეს 12 წელი მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ე.წ. კორტების საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.
სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალდებულები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ ცნო, ხოლო 369-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში – ფალსიფიკაციის ნაწილში გამართლდნენ. მათ 12 წელი მიესაჯათ.
თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს განზრახ მკვლელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. მოსამართლემ მას 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინების შედეგად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ლევან ბეროძეს, იგი ფალსიფიკაციის ბრალდების ნაწილში დამნაშავედ იქნა ცნობილი და საბოლოო სასჯელად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამ საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც როგორც ცნობილია, ქვეყანაში არ იმყოფება, უკანონო დაკავების ბრალდებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.