სუს-მა აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, – ამის შესახებ სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც იზორიამ აღნიშნა, გამოძიების ფარგლებში მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწარების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
“გუშინ მედიაში გავრცელდა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ გვარამიას სატელეფონო ჩანაწერები. მსურს საზოგადოებას განვუმარტო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ამა წლის 24 ოქტომბერს უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად.
როგორც ცნობილია, გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე გატარებულია რიგი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის პორევენციის მიზნით. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწარების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი, როგორც აღნიშნული ჩანაწერების, ისე ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მიმართა უკრაინის შესაბამის უწყებებს სამართლებრივი დახმარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მიზნით. საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადეობას დამატებით აცნობებს”, – განაცხადა ლევან იზორიამ.