ქიბარ ხალვაშის ადვოკატი მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას არ იზიარებს
ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის დღევანდელ გადაწყვეტილებას სხდომის გადადების თაობაზე, არ იზიარებს.
დღევანდელ პროცესზე, მოსამართლემ “რუსთავი 2”-ის ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც სხდომის გადადებას ეხებოდა, დააკმაყოფილა.
როგორც ადვოკატმა სალიამ აღნიშნა, მაშინ, როდესაც მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულებები, მათ გასაანალიზებლად მოპასუხე მხარის მოთხოვნა სხდომის გადადებასთან დაკავშირებით გაუგებარია.
პაატა სალიას თქმით, “რუსთავი 2”-ის ადვოკატებს ჰქონდათ საკმაო დრო, რათა გაეანალიზებინათ და შეესწავლათ ექსპერტიზის დასკვნა და დოკუმენტაციის სიყალბეზე გამოთქმული ვარაუდები.
აღსანიშნავია, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის დღევანდელ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ადვოკატებიც ეხმაურებიან.
“რუსთავი 2”-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, მოსამართლეს უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა, ვინაიდან “რუსთავი 2”-ის საქმეზე გუშინ ექსპერტის დაკითხვის გასაანალიზებლად მათ არ ჰქონდათ სათანადო დრო.
“ჩვენ ვადა გვჭირდება, რათა მოპასუხე მხარე მოვემზადოთ პაექრობისთვის. ჩვენ არ გვქონდა სათანადოდ მომზადების საშუალება, რადგანაც ექსპერტის დაკითხვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. სწორედ ამისთვის ვითხოვეთ დრო და მოსამართლეს არ ჰქონდა უარის თქმის საფუძველი”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
“რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო სხდომა ხვალ, 11:00 საათისთვის დაინიშნა.