კახა კალაძის ინფორმაციით, “გაზპრომთან” კონკრეტული შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, კომპანია “სოკარს” ბუნებრივი აირით მოსახლეობის მომარაგების პრობლემა არ აქვს, მაგრამ დამატებითი კომერციული მოცულობის შემოტანის შესაძლებლობა არ გააჩნია.
“სოკარს” პრობლემა არ აქვს, მიაწოდოს ბუნებრივი აირი მოსახლეობას და უზრუნველყოს სრულიად. რაც შეეხება დამატებით კომერციულ მოცულობებს, გასული წლების განმავლობაშიც შემოგვქონდა დამატებითი კომერციული გაზი რუსეთიდან, იმიტომ რომ “სოკარს” არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა”, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის ინფორმაციით, “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მილანში ერთი შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა, ამ ეტაპზე დეტალებზე შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის.
“კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა შედგა იტალიაში. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საუბარია ტრანზიტის მოცულობის გაზრდაზე. შესაბამისად, ჩვენ გვინდა მეტი შემოსავალი მივიღოთ და დამატებით მივცეთ შესაძლებლობა კომერციულ სტრუქტურებს, შემოიტანონ ბუნებრივი აირი საქართველოს გავლით”, – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.