საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილების საკითხი განიხილება

დღეს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილების საკითხი განიხილება, რომელიც “ფოთის საზღვაო ნავსადგურისა” და კომპანია “ტრანსფორდის” წარმომადგენლებმა დააყენეს. საქმე უკავშირდება მოსამართლისა და ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის ქმედებებს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება საქმე 2/79–2015 მოსარჩელე სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურსა“ (განმცხადებლები წარმოვადგენთ სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ინტერესებს) და მოპასუხეებს შპს „პრომეტკო ჯორჯიასა“ და შპს „ჯე-ეს-კოს“ შორის. აღნიშნული დავა დაიწყო 2010 წელს შპს „პრომეტკო ჯორჯიასა“ და შპს „ჯე-ეს-კოს“ სარჩელების (იჯარის ხელშეკრულებების შეწყვეტის უკანონოდ ცნობის თაობაზე) საფუძველზე, რომლებსაც მოგვიანებით გაუერთიანდა იმავე დავის საგანთან მიმართებით სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ სარჩელი საიჯარო ქონების დაზიანებისა და იჯარის გადაუხდელობის გამო ზიანის ანაზღაურების შესახებ.
2011 წლის 28 იანვარს დავა დასრულდა  სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ სასარგებლოდ. 2013 წლიდან შპს „პრომეტკო ჯორჯიამ“ და შპს „ჯე-ეს-კომ“ რამდენჯერმე მიმართეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვის განახლების შესახებ; 2015 წლის 20 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გაუქმდა დავაზე ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2010 წელს მიღებული გადაწყეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა ამავე სასამართლოს.
“ზემოთ აღნიშნული მოვლენების პარალელურად, 2014 წლის 12 ნოემბერს შპს „ჯე-ეს-კომ“ სარჩელი (რომელიც დაზუსტდა 2014 წლის 19 ნოემბერს, სარჩელები თან ერთვის განცხადებას მე-4 დანართის სახით) შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურისა“ და შპს “ტრანსფორდის” წინააღმდეგ იმავე საიჯარო ურთიერთობასთან დაკავშირებით; თავდაპირველად, საქმესთან მიმართებით სასამართლოს მიკერძოებულობა სწორედ აღნიშნული სარჩელის მიღებაში გამოიკვეთა, კერძოდ, სარჩელი შეტანილია შპს „ჯე-ეს-კოს” სახელით და მისი წარმომადგენლის მიერ, მაშინ, როდესაც სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნა მიუთითებს შპს “პრომეტკო ჯორჯიას” მოთხოვნაზეც; ფაქტობრივად შპს “პრომეტკო ჯორჯიას” მოთხოვნა დაყენებულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
მოსამართლემ იმის ნაცვლად, რომ მხარისთვის უარი განეცხადებინა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის თანახმად, მიიღო სარჩელი და მოპასუხეებს გადაუგზავნა შესაგებლის წარსადგენად. მოგვიანებით, მოსარჩელეებმა დააზუსტეს სარჩელი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით; შედეგად, ორივე კომპანიის სარჩელი მოსამართლე გიორგი სულაკაძესთან მოხვდა განსახილველად. ამჯერად კომპანიები მათი ბენეფიციარი მესაკუთრის ივანე ჩხარტიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნას უკავშირებდნენ საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტას და სარჩელით დელიქტური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. თბილისის საქალაქო სასამართლოში განვითარებული მოვლენების პარალელურად, კომპანიებმა სარჩელები გამოითხოვეს ფოთის საქალაქო სასამართლოდან, მაშინ როდესაც 2013 წლის დეკემბრიდან ცდილობდნენ საქმის განხილვის განახლებას.
ვინაიდან, ფოთისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში მიმდინარეობდა ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული ორი საქმე, რომელიც ერთ სადავო საიჯარო ურთიერთობას შეეხება, სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურმა“ ფოთის საქალაქო სასამართლოში იშუამდგომლა საქმეთა გაერთიანების შესახებ იმ მოტივით, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს უკვე დეტალურად აქვს შესწავლილი საქმისთვის მნიშვნელოვანი არაერთი გარემოება; ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განხილვის ქვეშ არსებული საქმეთა რაოდენობა არ შეესაბამება ამ სასამართლოს მოსამართლეთა რიცხოვნებას, რაც თითოეულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანას ობიექტურად აჭიანურებს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შედარებით ფოთის საქალაქო სასამართლოს საქმის გაცილებით მოკლე დროში განხილვის უზრუნველყოფის რესურსი გააჩნია.
საქმეთა გაერთიანების შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 28 სექტემბერს მიიღო განჩინება, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმე გააერთიანა ფოთის საქალაქო სასამართლოში წარმოებულ საქმესთან და მიანიჭა მას ნომერი 2/79 – 2015. აღნიშნული განჩინების თანახმად, იგი ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება და შესაბამისად, კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე. შესაბამისად,  2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს აღსასრულებლად, საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით. განჩინების ასლი თბილისის საქალაქო სასამართლოს გაეგზავნა სს კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მიერ 2015 წლის 1 ოქტომბერს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი სულაკაძის მიერ 2015 წლის 9 ოქტომბერს ჩანიშნულ იქნა სხდომა, სადაც მოსამართლემ სხდომის გახსნისთანავე თავისი ინიციატივით მოსთხოვა მხარეებს ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების შეფასება და პოზიციის დაფიქსირება და განაგრძო იმ საქმის განხილვა, რომელიც 2015 წლის 28 სექტემბრის შემდეგ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე, მის წარმოებას აღარ ექვემდებარება, არამედ განეკუთვნება ფოთის საქალაქო სასამართლოს განსჯად საქმეს ახალი ნომრით 2/79 – 2015. მოპასუხებისაგან განსხვავებით, მოსარჩელის წარმომადგენელს არ გაკვირვებია მოსამართლის ასეთი ქმედება და შეუდგა წინასწარ წერილობით მომზადებული პოზიციის კითხვას საქმეთა გაერთიანების შესახებ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების უკანონობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც მოპასუხეთა წარმომადგენლებმა ვცადეთ განგვემარტა მოსამათლისათვის, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კანონთან შესაბამისობის შემოწმება მის უფლებამოსილებაში არ შედიოდა, მოსამართლე მოსარჩელესთან ერთად არაერთი განცხადებით შეეცადა მოპასუხეთა წარმომადგენლების დარწმუნებას ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკანონობაში;
მოსამართლე გიორგი სულაკაძემ ისიც კი განუცხადა მოპასუხეს, რომ ის არ არის ვალდებული შეასრულოს სასამართლოს უკანონო განჩინება და დასძინა, რომ ეს იგივე იქნებოდა სასამართლოს გადაეწყვიტა ადამიანების დახვრეტა და მას ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოეყვანა (ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, აღნიშნული განცხადება სრულად არ იკვეთება სხდომის აუდიო ჩანაწერში, თუმცა სხდომაზე დამსწრე ყველა პირი დაადასტურებს, რომ ასეთი განცხადება ნამდვილად გაჟღერდა მოსამართლის მიერ).ამის შემდეგ მოპასუხეებმა დააყენეს მოსამართლე გიორგი სულაკაძის აცილების მოთხოვნა. მოსამართლემ სასამართლო სხდომა გადადო 2015 წლის 28 ოქტომბრისათვის და განაცხადა რომ მომდევნო სხდომაზე ის კიდევ ერთხელ მიუბრუნდება საქმეთა გაერთიანების საკითხის განხილვას. მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი სულაკაძის მიერ 2015 წლის 9 ოქტომბერს ჩატარებული სასამართლო სხდომა და მიღებული გადაწყვეტილება, გააგრძელოს დავის განხილვა მიუხედავად საქმეთა გაერთიანებისა, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას და უგულვებელყოფს სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს. ფაქტობრივად, მოსამართლე გიორგი სულაკაძემ სააპელაციო სასამართლოს ფუნქცია შეითავსა და განიხილა იმავე ინსტანციის მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება, რომელი ინსტანციის სასამართლოსაც თავად წარმოადგენს; მაშინ, როდესაც ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაში ცალსახადაა განსაზღვრული მისი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების წესი. მოსამართლე გიორგი სულაკაძემ განახორციელა მოსამართლისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ბღალავს სასამართლოს ავტორიტეტს და ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას”, – აცხადებს მოპასუხე მხარე.

წყარო: “ფრონტნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები