ანა დოლიძე: პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციას უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების III ფორუმი და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ოფიციალურად დაიხურა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მუშაობა ღონისძიების ორგანიზატორებმა შეაჯამეს და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის და საინტერესო დისკუსიებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ფორუმის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ კონფერენციის მნიშვნელობა შეაფასა: “კონფერენცია გადაიქცა ცენტრალურ ადგილად, სადაც არა მარტო საქართველოს უსაფრთხოების, არამედ რეგიონული უსაფრთხოების თემების განხილვაც ხდება. აქ გამოთქმული მოსაზრებები და გაჟღერებული გზავნილები მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის გზავნილების ჩამოყალიბებისთვის. ფაქტია, რომ პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს ევროატლანტიკურ ორიენტაციას უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს. გამოითქვა ძალიან ბევრი შემოთავაზება, თუ როგორ გავუმკლავდეთ საფრთხეებს რეგიონში.”
თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი შაიშმელაშვილმა ღონისძიების თანაორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ფორუმის მუშაობა შეაჯამა: “კონფერენციაზე დავფარეთ უსაფრთხოების ყველა ის მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ჩვენს რეგიონში ვითარდება. კონფერენციის მთავარი ამოცანა იყო საერთაშორისო საზოგადოებამდე მიგვეტანა ჩვენი სათქმელი და გაგვეცნო მათთვის ჩვენი მოლოდინები ვარშავის სამიტამდე.”
კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ფორუმი ძალიან ნაყოფიერი იყო: “კონფერენციაზე კარგად იყო გააზრებული ძირითადი პრობლემები, რომლებიც ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში ხელს უშლის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გამყარებას. ვისაუბრეთ ახალ გამოწვევებზე, როგორიც არის ჰიბრიდული ომის ფენომენი და მასთან გამკლავების საკითხები. განვიხილეთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თემა – ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ კონტექსტში უამრავი მხარდამჭერი პოზიცია გამოიკვეთა იმის აუცილებლობის თაობაზე, რომ ალიანსში საქართველოს სწრაფად გაწევრიანებაა საჭირო. კარგად დავინახეთ ყველა ხელის შემშლელი ფაქტორი და პრობლემა, დაწყებული საერთაშორისო სიტუაციიდან და გეოპოლიტიკური კონტექსტიდან, დამთავრებული სხვადასხვა ქვეყნის დამოკიდებულებით და ეროვნული ინტერესებით. კონფერენციის შემდეგ უკეთ ვხედავთ, თუ რა შანსები გვაქვს ნატოში გასაწევრიანებლად, კიდევ რისი გაკეთებაა საჭირო და რა მიმართულებით არის მეტი ძალისხმევა განსახორციელებელი. ნატოს წევრი იმ სახელმწიფოების წარმომადგენლებიც კი, რომლებიც საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაში წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ, უკვე ღიად საუბრობენ, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას რუსეთის ფაქტორი უშლის ხელს.” ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) დირექტორმა რობერტ ონდრეიცსაკმა კონფერენციის დასასრულს კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კონფერენციის მნიშვნელობაზე და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა პარტნიორობისთვის.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის – ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები