„გამორიცხულია, მსოფლიო შეეგუოს ვითარებას, როცა რუსეთი ცდილობს, უკარნახოს დანარჩენ ცივილიზაციას სხვა გზით განვითარება“

გამორიცხულია, მსოფლიო შეეგუოს იმ ვითარებას, როდესაც რუსეთი ცდილობს, უკარნახოს დანარჩენ ცივილიზაციას სხვა გზით განვითარება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ“-ში განაცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლზე გაამახვილა ყურადღება.
„რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს, არამედ, მან გამოამჟღავნა სრულიად მკაფიო მისწრაფება, რომ უკარნახოს დღის წესრიგი მთელ მსოფლიოს.
მსოფლიო ამას არ შეეგუა იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო ასპარეზზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც მართლა შეეძლო იმ პერიოდში დიდი ზიანის მიყენება მთელი მსოფლიოსთვის. გამორიცხულია, მსოფლიო შეეგუოს იმ ვითარებას, როდესაც რუსეთი ცდილობს, უკარნახოს დანარჩენ ცივილიზაციას სხვა გზით განვითარება. ამიტომ, ისტორიული თვალსაზრისით, ყველაფერი ნათელია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ამ პროცესში არ აღმოვჩნდეთ ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანა. საბოლოო შედეგი სრულიად ცალსახაა – თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა გაიმარჯვებს. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ეს მხოლოდ ავღანეთში ჩვენი მონაწილეობით არ გამოიხატება. ვიცით, რომ სწორი გზით მივდივართ, ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ დანაკარგები უნდა შევამციროთ“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. დღეს კონფერენციის დღის წესრიგში ისეთი მნიშვნელოვანი თემების განხილვაა, როგორიცაა ჰიბრიდული ომები და მისი გავლენა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებზე, სამხედრო ბალანსი და თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ცვლილებები, უკრაინის კრიზისი და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის – ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები