დავით უსუფაშვილი: საქართველოს პროგრესი შეფასებულია დადებითი სიტყვებით
თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმმა მუშაობა განაახლა. კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას მან საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე ისაუბრა.
„საქართველოს პროგრესი შეფასებულია ძალიან დადებითი სიტყვებით. ქვეყანა წინ მიიწევს, თუმცა, ჰქონდა გარკვეული შეფერხებები… ჩვენი პარტნიორები ევროკავშირიდან, ნატოდან ხედავენ ქართველი ხალხის მონდომებას, რომ გავხდეთ ნატოს წევრი არა იმიტომ, რომ ეს პრესტიჟული კლუბია, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს და ეს სჭირდება მშვიდობისმოყვარე დემოკრატიულ მსოფლიოს. საქართველო საჭიროა ნატოსთვის. უწინ ხდებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით, ტაქტიკური თვალსაზრისით, გარკვეული გადაწყვეტილებების დაჩქარება თუ ცოტა შეგვიანება. იმედია, მომავალში პირიქით იქნება. ოპტიმისტურად ვუყურებთ ჩვენ უახლოეს მომავალს. ეს შეფასება საქართველოს მომავლის თაობაზე საყოველთაოა. დღევანდელი კონფერენციაც ამის ნათელი დადასტურებაა“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს როლზეც გაამახვილა ყურადღება.
„რუსეთი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს და პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებს, არამედ, მან გამოამჟღავნა სრულიად მკაფიო მისწრაფება, რომ უკარნახოს დღის წესრიგი მთელ მსოფლიოს. მსოფლიო ამას არ შეეგუა იმ დროს, როდესაც საბჭოთა კავშირი იყო ასპარეზზე გაცილებით ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც მართლა შეეძლო იმ პერიოდში დიდი ზიანის მიყენება მთელი მსოფლიოსთვის. გამორიცხულია, მსოფლიო შეეგუოს იმ ვითარებას, როდესაც რუსეთი ცდილობს უკარნახოს დანარჩენ ცივილიზაციას სხვა გზით განვითარება. ამიტომ, ისტორიული თვალსაზრისით, ყველაფერი ნათელია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ამ პროცესში არ აღმოვჩნდეთ ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანა. საბოლოო შედეგი სრულიად ცალსახაა – თავისუფლება, დემოკრატია და მშვიდობა გაიმარჯვებს. ჩვენ მზად ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ეს მხოლოდ ავღანეთში ჩვენი მონაწილეობით არ გამოიხატება. ვიცით, რომ სწორი გზით მივდივართ, ყველაფერი კარგად დამთავრდება, მაგრამ დანაკარგები უნდა შევამციროთ“.
დღეს კონფერენციის დღის წესრიგში ისეთი თემების განხილვაა, როგორიცაა ჰიბრიდული ომები და მისი გავლენა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებზე, სამხედრო ბალანსი და თანამშრომლობა შავი ზღვის რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ცვლილებები, უკრაინის კრიზისი და ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდისა (GFSIS) და სლოვაკური ორგანიზაციის – ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხთა ცენტრის (CENAA) ორგანიზებით ტარდება.