პირველად – საათი ქართული გვარით, რომელსაც შვეიცარია აწარმოებს… რატომ მალავდა ზვიად ციკოლია საკუთარ ვინაობას…

ზვიად ციკოლია – ქართველი დიზაინერი, რომლის გვარიც მომავალთან, ინოვაციებთან და დიზაინის სფეროში ახალ სიტყვასთან ასოცირდება.
მამა – ვალერიან ციკოლია პროფესიით რეჟისორი იყო და დედა – მედეა ბურაძე ფილარმონიაში მსახიობი.
„ვთვლი, რომ მამაჩემის ნიჭი გამომყვა, მას შეეძლო ნივთები სხვა რაკურსით დაენახა. თავიდან ნორჩ ტექნიკოსთა სადგურში დავდიოდი. ეს იყო სატრანსპორტო საშუალებების დიზაინის ლაბორატორია, სადაც უნიკალური პედაგოგი ნოდარ ინჯია შემხვდა. სკოლის დამთავრების შემდეგაც ჩვენ ვაგრძელებდით ურთიერთობას. ამ ადამიანმა, სწორედ მასთან ურთიერთობამ, ტრანსპორტის სფეროში მუშაობამ, გამოფენებზე სიარულმა, ბოლოს მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ დიზაინერი გავმხდარიყავი. მე ვიყავი ნოდარ ინჯიას  მე-14 მოსწავლე, რომელმაც ეს გზა აირჩია“.11653489_1154909111204362_844167851_n

– პირველი გამოფენა…
– პირველი გამოფენა იყო 1986 წელს. ფოთში ტარდებოდა საქართველოს რესპუბლიკური კონკურსი. ტრაილერის მაკეტი გვქონდა წარდგენილი და პირველი ადგილი ავიღეთ, შემდეგ მოსკოვში ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ, ეს იყო მაშინ ყველაზე მეტად ცნობილი სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა – ВДНХ.
წარმატება მოვიდა 1995 წელსაც, ჩემ მიერ გაფორმებული თვითმფრინავი ფრანკფურტის აეროპორტში დაჯდა,  როცა Air Georgia-მ დაიწყო საერთაშორისო ფრენები იმ გრაფიკული დიზაინით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. 1997 წელს ისევ ფრანკფურტი…  მე წავიღე „ბუგატის“ თემით ინსპირირებული პროტოტიპი.
– „ბუგატი – რუსობალტი“…12179196_1154909091204364_549814385_n
– ეს პროექტი დაიწყო, როგორც „ბუგატის“ კონკურსი, რომელსაც ერთ-ერთი რუსი ოლიგარქი აფინანსებდა. ერთი კონცეპტ-ქარი უკვე მქონდა გაკეთებული და „ბუგატი“ ჩემი საყვარელი ბრენდი იყო. 150 დიზაინერი მონაწილეობდა. ბოლოს დარჩა 10 და ყველაზე ბოლოს დავრჩი მე. სამწუხაროდ, „ბუგატისთან“ სახელზე ვერ მოილაპარაკეს, ამიტომ გადაწყვიტეს ძველი რუსული, მეფის რუსეთის დროინდელი ბრენდი აღედგინათ… და ეს იყო „რუსობალტი“. ერთადერთი, რაც შევცვალეთ, რადიატორი იყო, რომ  ბოლომდე „ბუგატთან“ არ მომხდარიყო გაიგივება. დანარჩენი თავისი ფილოსოფიით, ფორმით არის 100%-ანი „ბუგატი“.
– მუშაობდით მანქანების დიზაინზე, საბრძოლო ტექნიკასთან შეხება პირველად როდის გქონდათ?
– დღემდე ჩემთვის ყველაზე საყვარელ პროექტად რჩება „დიდგორი“. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მიმართულებით მაქვს ნამუშევარი, ეს პროექტი განსაკუთრებულია. ალბათ იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის და საქართველოს ჯარისთვის. მოგეხსენებათ, მე, ძირითადად, უცხოელებისთვის ვმუშაობდი,  და იქ ასეთ სიამოვნებას ვერ ვიღებდი. იქ ყოველთვის მაქვს განცდა, რომ სხვა ქვეყნისთვის ვქმნი და არა ჩემი ქვეყნისთვის. მე უბრალოდ ამაში ხელფასს ვღებულობ და პორტფოლიოს ვზრდი, ეს არის და ეს.
– თქვენთან რომელი დიზაინია ყველაზე მეტად ახლოს?12179486_1154909104537696_1080712051_n
– გულახდილად გეტყვით, ყველაფერი ახლოსაა. მიხარია, თუ მეძლევა საშუალება, ყველაფერი ისე გავაკეთო, როგორც მე ვფიქრობ. საათების კეთებაც ამის გამო დავიწყე, რომ მე თავად ვყოფილიყავი დამკვეთიც და შემსრულებელიც. მომბეზრდა კლიენტების დარწმუნება, რა არის კარგი და რა არა. მე უფრო და უფრო იშვიათად ვიღებ შეკვეთებს, იმიტომ რომ ვაკეთებ იმას, რაც მე მომწონს.
– იაპონია…
– Design Club International-ი 1990-იან წლებში იაპონიაში ძალიან ცნობილი კომპანია იყო, სადაც მთავარ დიზაინერად ვმუშაობდი. ფაქტობრივად, „რენოს“ შეკვეთების 90%-ს აქ ვაწყობდით. შემდეგ სტრატეგია შეიცვალეს და უფრო მრავალფეროვანი გახდა. დაიწყეს საყოფაცხოვრებო ნივთებისა და აზარტული სათამაშო აპარატების დიზაინზე მუშაობა.
ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი იყო Sony-ც. ასევე ვთანამშრომლობდი „ჰიუნდაის“ იაპონურ სტუდიასთან. ჩინეთში ვმუშაობდი, ყოფილ „როვერში“, რომელსაც ჰქვია „როუვი“ და ინგლისურ ძალიან ცნობილ ბრენდ-MG-ში. ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო იყო. იქ უამრავი დეპარტამენტია, უამრავი ფაქტორი და უამრავი ადამიანის ინტერესი უნდა გაითვალისწინო. ამ დროს არა მარტო დიზაინერის, დიპლომატის სამუშაოა ძალიან ბევრი.
– რა განსხვავება იყო, როცა კლასიკურ მანქანებზე მუშაობდით და ასევე გიწევდათ სერიულ ავტოტრანსპორტზე მუშაობაც…12179627_1154909087871031_1432065477_n
– რა თქმა უნდა, სხვაობა არის. მინდა გითხრათ, რომ დიდ კომპანიაში საქმიანობა არ განიჭებს ისეთივე სიამოვნებას, როგორსაც, ვთქვათ, ექსკლუზიურ პროექტზე მუშაობა. დიდ კომპანიაში გიწევს სხვისი აზრის გათვალისწინება და ყოველთვის გამოდის ნახევარმანქანა, ნახევარპროდუქტი, რომელიც ბოლომდე თქვენი არ არის. ამ დროს დაუსრულებლობისა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა უფრო მეტი გაქვს, ვიდრე კერძო კომპანიაში. თუმცა კერძო პროექტშიც არის რაღაცები, რომელიც უნდა გაითვალისწინო. ამიტომ ყველაზე იდეალურია, როცა დამკვეთიც და შემსრულებელიც შენ თავად ხარ.
– თქვენი დიზაინი როგორია?
– ყველაზე კარგად ამას განსჯის დრო. ყველაფერს აქვს ხედვის სხვადასხვა კუთხე და შეგიძლიათ სხვადასხვაგვარად შეაფასოთ. დიზაინშიც ასეა, რაღაც შემთხვევაში არის იდეალური, ან – არა. ამ დროს უნდა იპოვო „ოქროს წერტილი“.
– როგორ აფასებენ საქართველოში დიზაინს?
– დიზაინი არის მეცნიერება. ჩვენთან ასე ფიქრობენ: ეს ლამაზია, კარგი დიზაინი აქვს, ან ულამაზოა და ცუდი დიზაინი აქვს. დიზაინი სილამაზე არ არის. მაგალითად, ჭიქის ე.წ. ყუნწი, შეიძლება ძალიან ლამაზი ჰქონდეს, მაგრამ თითს ვერ უყრიდე, ან უყრიდე და თითი გეწვოდეს. მაგრამ ამ დროს შეხედო და ვიზუალურად ძალიან ლამაზად გამოიყურებოდეს. ამიტომ დიზაინი არის ყველაფერი, დაწყებული წარმოებიდან, ფასით, ლოჯისტიკით, უსაფრთხოებით, ერგონომიკით, ფუნქციონალიზმით და, სულ ბოლოს, ესთეტიკით. მე მიჭირს ჩემი დიზაინის შეფასება. ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტში კონკრეტულ კითხვას პასუხს ვცემ ისე, როგორც საჭიროა. ერთეული შედევრი იქმნება, არ შეიძლება ყველა ნამუშევარი შედევრი იყოს და, არის თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. მაქვს პროექტები, რომლებიც გარკვეულ ასაკის ზღვარს სცილდება და მათი შეფასება 5-10 წელიწადში ძალიან საინტერესო იქნება.
– 10-15 წლის წინ შექმნილი ზვიად ციკოლიას დიზაინი, დღესაც ისევე მოსწონს ავტორს და ისეთივე განცდა აქვს, როგორც მაშინ?11666753_1154909211204352_236794930_n
– როცა რაღაცას აკეთებ, ვერ აფასებ. მართალია, ასეთი რაღაც დამემართა სწორედ 1997 წელს, როცა „ბუგატის“ მაკეტი გამოვფინე ფრანკფურტის ავტოსალონში. იცით, როგორი რაღაც იყო? როცა სულიდან, გულიდან ამოღებული ემოცია ჩავდე. სწორედ ჩემმა მასწავლებელმა, ნოდარ ინჯიამ მითხრა მაშინ, თავადაც არ იცი, რა გააკეთეო. მე ვერ მივხვდი, მაშინ 26 წლის ვიყავი… ბოლო ორი წელია ვუყურებ იმ პროექტს და გულახდილად გეუბნებით, ძალიან მომწონს. სურვილი მაქვს, რომ ეს პროექტი გავაცოცხლო და ამ დიზაინით რეალური მანქანა შევქმნა.
– თუ გქონიათ, როცა იყო ისეთი დაკვეთა, რომელიც დიდად არ გინდოდათ.  როგორ მოდის მუზა ამ დროს?
– ყველა პროექტის დროს მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობის მომენტი. რა თქმა უნდა, არ შეიძლება ყოველთვის ჩემი სულიერი მდგომარეობის და განწყობის შესაბამის პროექტზე ვმუშაობდე. ასეთ დროს ვცდილობ, ემოცია და კომერცია ერთმანეთს შევუწყო. მაგრამ თუ დამკვეთი ვერ მომყვება, მაშინ რჩება მხოლოდ კომერცია. ემოცია გადადის მეორე პლანზე და ასეთი პროექტები, მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში წარმატებული არ არის.
– საქართველოში თუ ყოფილა, როცა თქვენი და დამკვეთის ინტერესები არ დამთხვევია ერთმანეთს?11982960_678268625641235_2129318075_n
– კი, იყო. ცნობილი მინერალური წყლის პროექტზე 9 თვის განმავლობაში ვიმუშავე. მარკეტინგის სამსახურმა დამტანჯა. როგორც წესი, ეს სამსახური კასტრირებას უკეთებს ყველაფერს ახალს, ინოვაციურს და ღებულობენ ბანალურ სტერეოტიპულ პროდუქტს. როდესაც პროდუქტი დახლზეა, შენ მომხმარებელს ერთხელ მაინც უნდა გაუჩინო შეძენის სურვილი. შემდეგ თუ შიგთავსი შეესაბამება გარე სახეს, მაშინ მყიდველი ხდება მისი მუდმივი მომხმარებელი. მე არ ვამბობ, რომ ცუდი ნამუშევარია, მაგარამ ამაზე ბევრად კარგი ნიმუშები იყო შეთავაზებული. ვფიქრობ, პროფესიონალს უფრო მეტად უნდა  ენდობოდნენ.
– რატომ განსხვავდება ქართველი და უცხოელი დამკვეთი ერთმანეთისგან?
– განათლებაში და გამოცდილებაშია სხვაობა. უცხოელებმა იციან, რეალურად, დიზაინმა რა მოგება შეიძლება მოიტანოს კომპანიისთვის. ისინი გაცილებით უფრო დიდ ბაზრებზე მუშაობენ და, აქედან გამომდინარე, ძლიერ კონკურენტებთან უწევთ გამკლავება. ჩვენთან კი პროდუქციას ხელით რომ დააწერო და შემოახვიო, ისიც კი გაიყიდება, იმიტომ რომ მომხმარებლის გემოვნება ძალიან დაბალია და რეალურად ვერ აფასებს. ჩვენთან – პირველი, რომ განათლება არ არსებობს, მეორე  – ქართული ამპარტავნებაა: რადგან მე ფული მაქვს, ყველაფერი ვიცი (რა თქმა უნდა, გამონაკლისები არსებობს).
როცა გვერდით გიდევს თუნდაც „ჰაინეკენი“, რომელსაც ყველაფერი დახვეწილი აქვს: ნამუშევარი, ნაფიქრი, ყველაზე ლაკონიურად მიღწეული, უმოკლესი და უსუფთავესი გზით გავლილი მიზანი, შენ ამას ვერ აკეთებ. ჩინელებთან როცა ვმუშაობდი, პრაქტიკულად 100-პროცენტიანი ნდობა არსებობდა, იმიტომ რომ დიდი გამოცდილება მქონდა. ჩვენთან ეს მომენტი, სამწუხაროდ, არ არის…
– დიზაინი უკავშირდება რეკლამას? თქვენ თუ გიმუშავიათ რეკლამაზე.11989063_1154909197871020_69721180_n
– რა თქმა უნდა. დიზაინი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და ყველაზე კარგი დიზაინერი არის ბუნება. ასე ჰარმონიულად, ლოგიკურად ვერავინ გააკეთებს. თვითონ ბუნებაც სულ ტრანსფორმაციას განიცდის და ხვეწავს თავს დიზაინს. შორეულ წარსულში მიმუშავია და საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო. თუმცა ჩემს გულს ვერ იგებს, იმიტომ რომ არის არამუდმივი. რაც მე არ მიყვარს. ამიტომ არ ვმონაწილეობ.
– თქვენი საათების ისტორიის ათვლა როდის დაიწყო?
– საათების ისტორია. ბავშვობიდან მქონდა საათების მიმართ სიყვარული, მაგრამ რა იყო ეს, არ ვიცი. იღებ საათს ხელში, რაღაც მაგიური ხდება შენში, რასაც ვერ ხსნი. მახსოვს, პირველად მამაჩემის საათი რომ გამივარდა და გატყდა. იქიდან მოყოლებული, სულ ვფიქრობდი. 1992 წელს გადავწყვიტე, რომ საბჭოთა მექანიზმზე (მაშინ გავრცელებული იყო) ამეწყო ჩემი დიზაინით გაკეთებული საათი. დავიწყე გამოჩარხვა, მაგრამ გამოცდილება და ცოდნა არ მქონდა და ბოლომდე ვერ მივიყვანე. იმ დეტალებს დღემდე ვინახავ. 2006 წელს მომივიდა RedDot-ის კონკურსიდან მოწვევა. ერთ-ერთი პრესტიჟული პრიზია დიზაინის სფეროში. გავაგზავნე ჩემი საათის დიზაინი. მოლოდინი არ მქონდა და ერთ დღესაც მივიღე წერილი, სადაც მილოცავდნენ, რომ გავიმარჯვე. შეფასებაში ეწერა: „რამდენი საათი არსებობს, მაგრამ ზვიადი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ადამიანის ფანტაზია არის ამოუწურავი და მისი საათის დიზაინი არის უნიკალური“.12051757_1154909234537683_1278758937_n
ამ სიტყვებმა მომცა კიდევ უფრო დიდი სტიმული. გადავწყვიტე, რომ საათებისთვის სერიოზულად უნდა მომეკიდა ხელი.
დავიწყე მუშაობა, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა მიმეღო. ჩემი პირველი მანქანა, მყავდა კლასიკური „მინი“. რეალური პროექტი მქონდა, თუმცა არ გამოვიდა და მის ნაცვლად „გაზ 21“-ისთვის შევქმენი საათები. ჩემი სახელის გამოყენება არ მინდოდა. ზვიად ციკოლია გარკვეულწილად დიზაინთან ასოცირდება და ამიტომ სახელით და გვარით მანიპულირებას მოვერიდე. ამ დროს იყო ჩემი თავის გამოცდაც. მაინტერესებდა, რეალურად წარმატებული პროექტი იყო თუ სახელთან თანმხლები ინერცია. ამიტომ დავარქვი ნეიტრალური სახელი: UNIQ. ასე დავიმალე და დაველოდე. ბრენდი ასე ჩამოყალიბდა. მერე უკვე ქართულმა ჯარმა შეუკვეთა საათები, წამოვიდა დაინტერესება უცხოეთიდან. უკვირდათ რატომ არ ვაწერდი ჩემს სახელს.
– რამდენ ხანს ელოდებოდით შედეგს?
– საათების გამოშვება დავიწყე 2011- ში. ჩემი გვარით საათების გამოშვება კი წელს დაიწყო.
– ციკოლია – „Seven“…
– საიდან არის ეს საათი ინსპირირებული. საერთოდ, ჩემი საათები, მოვლენას, ისტორიულ ფაქტს ან ტრანსპორტს უკავშირდება. არასოდეს არ არის ჰაერიდან მოტანილი. „სევენი“ – არის ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი საყვარელი მანქანა. იყო „ლოტუს 7“ და გადავწყვიტე, გავუკეთებდი საათებს „ლოტუსს“, თუმცა ჩვენი თანამშრომლობა არ გამოვიდა. დავიწყე „კატერხემთან“ მოლაპარაკებები და მათ აქვთ მოდელი 7. მოლაპარაკებები გაჩერდა. ბოლოს გადავწყვიტე, ჩემი ძალებით და ჩემი კომპანიის ძალებით გამომეშვა ეს საათი, რა თქმა უნდა, იმ ბრენდის სახელი არ დასდევს („კატერხემის“), მაგრამ ციკოლიას გვარით გამოდის და საათი შვეიცარიაში იწყობა.
– რა განცდა გქონდათ, როცა გადაწყვიტეთ, რომ „ციკოლია“ უნდა დაგეწერათ?12179244_1154909084537698_396654518_n
– გულახდილად გეტყვით, დღესაც უხერხულობის გრძნობა მაქვს. არ ვიცი, პასუხი არ მაქვს. ჩემი მეუღლე ძალიან ამაყობს ამით, ბავშვებს უხარიათ მაგრამ მე უხერხულობის გრძნობა მაქვს.
– ფერები…
– ყველა ფერი არის „კატერხემ 7“ -ის. რეალურად არის გათვლილი იმ ადამიანებზე, ვისაც ეს მანქანა ჰყავს…
– და ღამე ანათებს…
– კი და მარტო შვიდიანი ნათდება. ეს ჩემი იდეაა, ორიგინალობა არ აკლია და საკმაოდ პოპულარულია მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში არტ-თაიმის ქსელში იქნება.
– ოჯახი…
– პროფესიამ დაგვაკავშირა ერთმანეთს. მე და დიზაინერი მარინა ხორავა Air Georgia-ში საქმის გამო შევხვდით ერთმანეთს. მინდა გითხრათ, რომ პირველი საუბარი არცთუ ისე იდეალური იყო ჩვენს შორის. თუმცა, ძალიან მალე საქმიანმა ურთიერთობამ სიყვარულში გადაინაცვლა.
– ახლა რას გეუბნებათ?12179423_1154909081204365_2029967854_n
– ახლაც ვკამათობთ. არ გეგონოთ, რომ ყველაფერში შეთანხმებულნი ვართ. ჩვენ განვსხვავდებით შეხედულებით ერთმანეთისგან და ეს ჩვენს შვილებზეც აისახება. ისინი უფრო მრავალფეროვნებას უყურებენ. სწავლობენ, როგორ შეიძლება ერთი მოვლენა სხვადასხვაგვარად განიხილო. ორი შვილი გვყავს: 16 წლის ბუბა და 15 წლის ივა. უფროსს უნდა ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის კუთხით წავიდეს, თუმცა საოცრად ხატავს. უმცროსს კი დიზაინისკენ აქვს სერიოზული მიდრეკილება.
– რას ეტყვით, როცა სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანის წინაშე იქნებიან?
– მე ვარ აბსოლუტურად დემოკრატიული. ადამიანი განიცდის მუტირებას, თუ არ მიჰყვება იმას, რაც უყვარს და რაც უნდოდა. მე წავედი იმ გზით, რასაც ვთვლიდი, რომ ჩემს სულთან და გულთან ახლოს იყო. როცა ამაზე ვლაპარაკობთ, ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნები – აირჩიე, რაც გინდა, უბრალოდ იფიქრე იმაზე, სად გააგრძელებ ამას და შენს თავს სად ხედავ ამ სფეროში.

ნინო ჯაჯანიძე

12017922_1154909177871022_826782154_n

12073332_1154909134537693_1076529354_n

12179455_1154909101204363_1267102229_n

12179482_1154909097871030_1606638397_n

12179486_1154909104537696_1080712051_n

12179883_1154909077871032_632737141_n

12181942_1154909074537699_438680738_n

12181952_1154910187870921_2121223172_n

12182189_1154909094537697_1297066570_n

12188641_1154909114537695_979958435_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები