საქართველოს ეროვნულმა არქივმა ICARUS-ის 36-ე ყრილობაზე კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაციამ, გენერალური დირექტორის მოადგილის, გიორგი სოფრომაძის ხელმძღვანელობით, ქალაქ ტალინში გამართულ საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICARUS) 36-ე ყრილობაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნულმა არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წლევანდელი შეხვედრის თემა – „მემკვიდრეობის წარმოჩენა, ცოდნის გაძლიერება – არქივისტებიდან საზოგადოებამდე” – მოიცავდა დისკუსიებს ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა დაცვის, მულტიმედიური არქივების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და საზოგადოების ჩართულობის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას საარქივო მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციისთვის.

“ეროვნული არქივის საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, სოფიო ჯობავამ კოლეგებს გაუზიარა საქართველოს ეროვნული არქივის აუდიოვიზუალური და მულტიმედიური პროექტები. პრეზენტაციაში ასახული იყო ეროვნული არქივის საქმიანობა დოკუმენტების დიგიტალიზაციის მიმართულებით და ციფრული დოკუმენტების მულტიმედიური ინტერპრეტაცია, კინოკოლექციების დიგიტალიზაცია-რესტავრაცია; გაცოცხლებული ქართული კინომემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სხვა.

ყრილობის ფარგლებში გიორგი სოფრომაძე საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ბირგიტ კიბალს შეხვდა და მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილა; გაეცნო ღონისძიების მასპინძლის, ესტონეთის ეროვნული არქივის საქმიანობას და ესტონელ კოლეგებს დოკუმენტების რესტავრაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე მოელაპარაკა.

საარქივო კვლევის საერთაშორისო ცენტრის ყრილობები სხვადასხვა ქვეყნის არქივისტების, მკვლევრებისა და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების შეკრების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო პროფესიული თანამშრომლობის დაგეგმვის პლატფორმაა, სადაც არქივების წამყვანი სპეციალისტები საარქივო საქმისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში არსებულ გამოწვევებსა თუ მიღწევებს განიხილავენ,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები