“13 წლის ვიყავი, როცა კლასელმა და უფროსკლასელმა ბიჭებმა ჩემი გაუპატიურება სცადეს” – ძალადობის მსხვერპლი მძიმე ცხოვრების შესახებ ყვება

ახალგაზრდა ქალი 3 წლის გოგონასთან ერთად “ძალადობისგან დაცვის ეროვნული­ ქსელის” თავშესაფარში ცხოვრობს და თავის­ ურთულეს ცხოვრებაზე გვიამბობს. ამბობს, რომ ცემა-ტყეპაში­ გაიზარდა და ვერც გათხოვების შემდეგ იპოვა­ სიმშვიდე.

ნინო, 23 წლის: – მამაჩემი სულ სვამდა­ და დედაჩემს სცემდა. არ ვიცი, რას ნიშნავს­ ბედნიერი ბავშვობა. არც ის ვიცი, სიტყვა­ “დედა” რა არის. ახლა თავშესაფარში მყოფებისგან ვგრძნობ სითბოს და მათ ვეძახი დედას. დედის მოფერება არ მახსოვს. სულ მეუბნებოდა, რომ ცუდი ვარ და ოჯახს ვარცხვენ. თუ რამეზე ნერვები მოეშლებოდა, ჯავრს ჩემზე იყრიდა, მცემდა. მერე უხმოდ უნდა მეტირა, თუ ხმას ამოვიღ­ებდი, უფრო მეტად მირტყამდა. შავი რეზინის შლანგით მცემდა უმოწყალოდ, ძალიან მწარე იყო და ერთხელ ეს შლანგი დავუწვი, ამის გამო კინაღამ მომკლა. ვუთხარი, მირჩევნია, ჯოხით მცემო-მეთქი. ჯოხით ცემით რომ დაიღლებოდა, მერეღა მანებებდა თავს.

მინდოდა მისთვის დამემტკიცებინა, რომ არ ვიყავი ცუდი და სკოლაში ძალიან კარგად ვსწავლობდი. სულ ბიბლიოთეკაში ვიჯექი…
დეიდა მეუბნებოდა, მოითმინე, დედაშენს მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილიო. ბევრჯერ მითქვამს, მეტი აღარ შემიძლია, თავს მოვიკლავ-მეთქი. რამდენჯერმე თვითმკვლელობა ვცადე კიდეც. 13 წლის ვიყავი, როცა კლასელმა­ და უფროსკლასელმა ბიჭებმა ჩემი გაუპატიურება სცადეს. აჭარის ერთ-ერთ სკოლაში­ ვსწავლობდი. ეზოში ღია სარდაფი­ იყო. თანაკლასელმა გოგონამ, რომელთა­ნაც ვდაქალობდი, დამიძახა, რაღაც უნდა გაჩვენოო­. მივედი. გოგ­ომ ხელი მკრა და კედელს მიმანარცხა. გამოცვივდნენ ბიჭები და სარდაფში შემათრიეს. ერთი პირზე ხელს მაფარებდა, სხვ­ები ხელ-ფეხზე მექაჩებოდნენ და მიმათრევდნენ. ტანსაცმელი შემომახიეს. ჯინსის შარვალი მეცვა და გახდის საშუალებას არ ვაძლევდი. მეუბნებოდნენ, რატომ გრცხვე­ნია, ეს ხომ შენც გინდოდაო… ვკიოდი. მერე ერთმა­ დანა ამოიღო, ნებით თუ არ გაიხდი, შარვალს დანით გავჭრიო. 12 ბიჭი იყო. 6 სადარაჯოზე­ იდგა, რომ არავინ მოსულიყო­. ვებრძოდი,­ როგორც შემეძლო. უცებ ვიღაცამ იღრიალა, რას აკეთებთო და ყველანი გაიქცნენ. მესამე­კლასელ ბიჭს გაეგონა ჩემი კივილი და ერთი უფროსკლასელისთვის ეთქვა. მან გადამარჩინა. ამ საშინელების შემდეგაც კი მთელ სკოლას ერჩივნა, მე ვყოფილიყავი დამნაშავე და ოჯახის შემარცხვენელი, ვიდრე ის 12 ბიჭი დაესაჯა.

– ეს ამბავი სოფელში გახმაურდა?
– შინ იმ ბიჭმა მიმიყვანა… აფთიაქი იყო ახლოს. იქიდან ნაგავში­ ძველ წამლებს­ ყრიდნენ. ავიღე, რაღაც ყვითელი ფერის ტაბლეტები იყო და ყველა დავლიე. სიცოცხლე აღარ მინდოდა.­ დედაჩემმა ღამის ორ საათზე სცადა თურმე ჩემი გამოფხიზლება.­ გაფითრებული ვყოფილვარ. მეზობლად ექიმბაში ცხოვრობდა და მასთან წამიყვანა, გადასხმები გამიკეთეს და გადავრჩი. ეს ამბავი გახმაურდა. მასწავლებელმა მითხრა, შენ შეარცხვინე ოჯახი, სკოლა,­ შენ გამო დირექტორს მოხსნიანო. მერე გაირკვა, რომ თურმე ჩემი დაქ­ალი ჩემი სახელით უფროსკლასელ ბიჭს ამორალურ წერილებს სწერდა. აჩვენეს ეს წერილები მასწავლებელს. ქართულის მასწავლებელმა კარგად­ იცოდა ყველას კალიგრაფია და მაშინვე თქვა, რომ ეს ჩემი დაწერილი არ იყო.­ შეამოწმეს და ჩემს კლასელ გოგონას მიადგნენ. მან აღიარა, რომ წერილებს ის სწერდა, თუმცა, პასუხი არავის უგია, ეს საქმე მიჩქმალეს. ექსპერტიზა ჩამიტარდა. ქალიშვილი­ ვიყავი და

ჩემი მშობლებიც თითქოს დამშვიდდნენ. არადა, სხეული სულ დალურჯებული მქონდა. არც ის ადარდებდა ვინმეს, კლასში მოძალადეების გვერდით რომ ვიჯექი. წარმოიდგინეთ, ეს როგორი სტრესი იყო. ვერ ვივიწყებდი იმ საშინელებას. დედაჩემი ჩამჩიჩინებდა, ეს დაღი მთელი ცხოვრება გაგყვება, არავის ეყვარები, გარყვნილი და ბოზი ხარ, არ ხარ ჩემი შვილი, ალბათ, სამშობიაროში ბავშვი შემიცვალესო…

– შენს და-ძმასაც ასე ექცეოდა?
– არა… ბავშვობაში ცოტა მსუქანი ვიყავი და დედ­აჩემი ძროხას მეძახდა.­ მუდმივად დიეტაზე ვიყავი. როგორც კი მოვსუქდებოდი, მეუბნებოდა, ორსულად ხარ, ძილში ბალიშს დაგაფარებ და დაგახრჩ­ობო­.

– რამდენი წლის გათხოვდი?
– 19 წლის ვიყავი, თანასოფლელს ცოლად რომ გავყევი. ეს ნაბიჯიც იმიტომ გადავდგი, დედისთვის დამემტკიცებინა, რომ ქალიშვილი ვიყავი. არადა, სხვა ბიჭი მიყვა­რდა, რომელსაც არ გამაყოლეს. მასთან შეხვედრის გამო დედამ სასტიკად მცემა, ნივთები და ტანსაცმელი დამიწვა და სულ ცომის საბრტყელებელი მირტყა. შინიდან გავიქეცი და ისევ თავის მოკვლა ვცადე. ვაპირებდი, ზღვამდე­ მიმეღწია და თავი დამეხრჩო. მეგონა, თუ თავს მოვიკლავდი, დედაჩემი თავის საქციელს ინანებდა, მაგრამ ახლა ვხვდები, ის არასოდეს არაფერს ინანებს… 14 კილომეტრი გავიარე.­ ორი დღის უჭმელს ძალიან მშიოდა. ერთ სოფელში შევედი, სადაც ჩვენი ნათესავი ცხოვრობდა. გაჩერებასთან ბიჭი შევნიშნე და ვთხოვე, წყალი­ დამალ­ევინე-მეთქი. მომიტანა წყალი და მიცნო­ – ჩემი ნათესავის მეზობელი­ აღმოჩნდა. დღეს ცოცხალი რომ ვარ, მისი დამსახურებაა. გადამაფიქრებინა თავის მოკვლა, მეზობლისგან ფული ისესხა და ბათუ­მამდე გამომყვა. მერე სამარშრუტო ტაქსიში­ ჩამსვა, 15 ლარი მომცა და ბიცოლასთან წავედი. ორი თვე მასთან ვცხოვრობდი. დედაჩემმა გაიგო და ტელეფონში მემუქრებოდა, რომ ჩამოხვალ, კუბოს დაგიდგამო.

– ვერც ქმართან იპოვე სიმშვიდე?
– ქმარს ვუყვარდი, მაგრამ დედამთილთან მქონდა პრობლემები. მუსლიმები­ იყვნენ. ვცდილობდი, მათი სიყვარული მომეპოვებინა,­ მაგრამ ვერ შევძელი. მხოლოდ მამამთილი­ იყო კარგი ადამიანი. 2 წელი ვიცხოვრე მათთან. თავიდან ქმართან კარგი ურთიერთ­ობა მქონდა. ერთი წელი არ დავორსულ­დი და დედამთილი ბერწ ძროხას მეძახდა. მერე ფეხმძიმედ დავრჩი და გავიხარე, ვიფი­ქრე, ყველაფერი მოგვარდება-მეთქი, მაგრამ ასე არ მოხდა. არაბული ვისწავლე, ყურანს ვკითხულობდი, თავშლით და გრძელი კაბით­ დავდიოდი… მეცხრე თვეში ვიყავი, ახალ წელს მარტო რომ დამტოვა.

ეგონა, საჭმელს ვერ მოვამზადებდი. მე ყველაფერი მოვამზადე და სტუმრებს კარგი­ სუფრა დავახვედრე. უნდოდა, შევრცხვენილიყავი, მაგრამ სტუმარი ძალიან მიყვარდა­, ყველას გაღიმებული ვხვდებოდი. დედამთილი ყველაზე ეჭვიანობდა და ქმარიც ამიმხედრა… ძროხის მოწველას მთხოვდნენ­. მეცხრე თვეში ვიყავი, ძროხამ რომ წამაქცია.­ მამამთილს ვთხოვე, მშობიარობამდე ძრო­ხის მოსაწველად ნუ გამიშვებთ-მეთქი. ამაზე­ გაგიჟდა ჩემი დედამთილი და მლანძღა. ისეთ დღეში ჩამაგდო, ბოსელში ყოფნა მერჩივნა. 9 თვის ორსულს სიმინდიც­ მათოხნინა, კარტოფილიც მათხრევინა. ღამეებს გარეთ ვათევდი, ჩემს ქმარს კი მშვიდად ეძინა­ და კარს მხოლ­ოდ გამთენისას­ მიღებდა, მეზობლებს რომ არ დავენახე ქუჩაში. ბევრჯერ ბოსელშიც გამითევია ღამე… სამშობიაროდან რომ გამოვედი, დედამთილი­ ჩემს შვილს ახლოს არ მაკარებდა. თავიდან მხოლოდ ძუძუს საჭმელად შევდიოდი ბავშვთან. მეუბნებოდა, ძუძუს იმიტომ აჭმევ, იატაკი არ მოწმინდო, ყანაში არ წახვიდე და საქმე არ გააკეთოო. ისე დავიღალე­ მისი ლანძღვით, 2 თვის ბავშვს ძუძუ მივ­ატოვებინე. ტირილით რომ გამსკდარიყო, ვერ ვეკარებოდი. ღამეც თვითონ იწვენდა­. სული და გული მეწვოდა. ყოველღამე ხმამაღლა­ ვტიროდი, ქმარს ვეხვეწებოდი, ღამით მაინც შემომიყვანე, რომ ჩავეხუტო-მეთქი, მაგრამ ამის თქმას დედამისს ვერ უბედავდა.­ ბოლოს ყველაფერი ყელში ამომივიდა, არავის­ არ ვჭირდ­ები-მეთქი და თავის­ მოკვლა ისევ ვცადე. შევედი ოთახში,­ ავიღე სამართებელი და ყელი სულ დავის­ერე. მხოლოდ ჩემს შვილს ვჭირდებოდი და ისიც რომ წამართვეს, ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ქმარმა­ დასისხლიანებული რომ დამინახა, შეეშინდა. ძლივს გადავრჩი… ეს ამბავი ბიძაჩემმა რომ გაიგო, ქმრის ოჯახი გალანძღა და წამომიყვანა. ბიძასთან ვიყავი ორი თვე, მერე კი მამაჩემმა ჩემი ვედრება არ შეისმინა და ისევ ქმრის სახლში დამაბრუნა. ეს საშინელება იყო. ყველა დარწმუნდა, პატრონი არ მყავდა. დედამთილიც სულ კუბოს დადგმით მემუქრებოდა. ბოლო წვეთი იყო, როცა დედამთილმა­ სახეში გამარტყა. ვტაცე ხელი ჩემს შვილს და გამოვიქეცი… შინ დავბრუნდი, მაგრამ იქ უარესი­ გაგრძელდა… მუშაობა დავიწყე ფაბრიკაში. 300 ლარი მქონდა ხელფასი. დედაჩემი ხელფასს მართმევდა. შვილისთვისაც კი ვერაფერს ვყიდულობდი. ბავშვს ჩემი ძმა საშინლად ექცეოდა, სახეში ურტყამდა. დღემდე ხელს იფარებს, ნერვული პრობლემები აქვს, ჩემი ძმის ტოლ ბიჭებს რომ დაინახავს, ისტერიკულად ტირის. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი სახელფასო ანგარიშიდან ფული გაქრა. როგორც გაირკვა, ჩემი ძმა ჩემი პასპორტით დარეგ­ისტრირდა ონლაინკაზინოში და ინტერნეტთამაშებს თამაშობდა. ჩემი ხელფასიც იქ წააგო.­ მეორე თვეს სასწრაფოდ შევცვალე ბარათი, მაგ­რამ ხელფასი მაინც არ დაირიცხა, თურმე პასპორტის მონაცემებით იხსნებოდა ჩემი ფული ანგარიშიდან… გავგიჟდი, ვიცოდი, დედაჩემი ჩემს ნათქვამს მაინც არ დაიჯერებდა და მეტყოდა, ალბათ, ორსულად იყავი და იმ ფულით აბორტი გაიკეთეო. ერთ დღეს ფაბრიკაში ძალადობის თემაზე ლექციას კითხულობდნენ და მათ ჩემი ამბავი­ უფროსმა უამბო… მაშინვე თბილისში წამომიყვანეს ბავშვთან ერთად. ახლა თავშესაფარში ვცხოვრობთ. აქ აღმოვაჩინე, რომ ცხოვრებაში სხვა ფერებიც არსებობს. ბედნიერი ვარ, ჩემს შვილს ვეხუტები და ვცდილობ, დედობით დავტკბე. მომავლის მაინც მეშინია, მაგრამ ვიცი, ცხოვრებას გავაგრძელებ და ბავშვს გავზრდი.­ თურმე რა სულელი ვყოფილვარ, თავს რომ ვიკლავდი. მეგონა, მხოლოდ სიკვდილი იყო გამოსავალი. ჩემს ძმას არასოდეს ვაპატიებ, ჩემს შვილს ცუდად რომ ექცეოდა. არც მშობლებს ვაპატიებ. მათთან არასოდეს დავბრუნდები.

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები