“რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე სასამართლო განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. პროცესი დღეს, 10:00 საათზე დაიწყება.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მოპასუხე მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც “რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელებისთვის ყადაღით მიღებული ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება, გადაწყვეტილება სწორედ დღეს უნდა გამოაცხადოს.
“რუსთავი 2” ითხოვს ყადაღის შემდეგ მიყენებული ზიანის, 700 000 ამერიკული დოლარის საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანას ქიბარ ხალვაშის მიერ, “რუსთავი 2”-ის მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები კი – ზიანის სახით მიყენებული 400 000 აშშ დოლარის იმავე ანგარიშზე შეტანას.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული თანხით სარგებლობა ახლა არ მოხდება. მათი განცხადებით, დავის მათ სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში ეს იქნება გარანტი, რომ მათ მიყენებული ზიანი აუნაზღაურდეთ.