საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე ბექა წიქარიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე ბექა წიქარიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე პირადი მოხმარების მიზნით, დიდი რაოდენობით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის პირი “ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით 7-დან 14 წლამდე”.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სანქცია არის ჩადენილი ქმედებისთვის შეუსაბამოდ მძიმე, არაპროპორციული და, შესაბამისად, სასტიკი პატივისა და ღირსების შემლახველ სარჩელს წარმოადგენს.
“საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით განსაზღვრული სასჯელი, ჩადენილი ქმედებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივ საფრთხეს. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მარიხუანის მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, მაგრამ, ამავე დროს, მიიჩნია, რომ დაუშვებელია პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ასევე აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის დეკრიმინიზაციის საკითხზე, რამდენადაც აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენდა დავის საგანს. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აშკარა და დასაბუთებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი, ან შენახული მარიხუანის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს, ან გასაღების რეალურ საფრთხეს თავისთავად ქმნის.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის ოდენობა სამოცდაათ გრამამდე, რომლის შეძენა-შენახვაში ედება ბრალი მოსარჩელეს, თავისთავად არ მიუთითებს გასაღების მიზანზე, ან გასაღების რეალური საფრთხის არსებობაზე. ამდენად, აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენს არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მეჩვიდმეტე მუხლის მეორე პუნქტთან”, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.
საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ განიხილა.