გვარამია: „რუსთავი 2″-ს ჩემი გათავისუფლება უკიდურესად ძვირი დაუჯდება – რამდენიმე მილიონი დოლარი (ვიდეო)

ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანიის მფლობელებს, ძმებ ყარამანიშვილებს მისი გათავისუფლება ძვირი დაუჯდებათ.
აღნიშნული განცხადება გვარამიამ კლუბ ფრონტლაინ ჯორჯიას” პროექტის – “ღია პლატფორმის” ფარგლებში გააკეთა, რომელიც ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა და მისი გამოქვეყნების თარიღი მიმდინარე წლის 22 სექტემბერია. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მან დამფუძნებლებისგან სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობისა და ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო. მისივე თქმით, მას “რუსთავი 2”-ში მუშაობის კონტრაქტი 2020 წლამდე აქვს.
“მე მაქვს ძალიან სერიოზული გარანტიები „რუსთავი 2“-ში მუშაობის. მაქვს კონტრაქტი 2020 წლამდე და ჩემი გათავისუფლება “რუსთავი 2” -ს დაუჯდება უკიდურესად ძვირი – რამდენიმე მილიონი დოლარი. მე მივიღე რამდენიმე გარანტია ხელშეუხებლობასთან და ჩაურევლობასთან დაკავშირებით მათი მხრიდან. როდესაც მე მოვედი მედიაში, რა თქმა უნდა, მინდოდა, მცოდნოდა, რა მედიის ხელმძღვანელი ვხდებოდი, რას ემსახურებოდა “რუსთავი 2 “. მიუხედავად იმისა, რომ იმ ხელისუფლებაში ვიყავი, ვისკენაც იყო “რუსთავი 2″, მე არ მიმაჩნდა, რომ ეს იყო მედიის იდეალი, თუმცა სხვებს სჯობდა”, – განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები