„პირველი არხი“ არ უნდა არსებობდეს, „იმედის“ დირექტორი არასოდეს ვიქნებოდი – ნიკა გვარამია ქართულ ტელევიზიებს აკრიტიკებს (ვიდეო)
ნიკა გვარამია: დიახ, ჩვენ ვართ მხარე, მაგრამ კონკრეტული იდეოლოგიის მომსახურე მხარე.
“რუსთავი 2 -” ს ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც არხის იდეოლოგიურ მიმართულებას არ იზიარებს, რედაქციის დატოვება მოუწევს
„პირველი არხი საერთოდ არ უნდა არსებობდეს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2″- ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიას” პროექტის – „ღია პლატფორმის” ფარგლებში განაცხადა, რომელიც ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიდეო, სადაც გვარამია მედიის იდეოლოგიასა და დამოუკიდებლობაზე საუბრობს, სოციალურ ქსელში გავრცელდა და მისი გამოქვეყნების თარიღი მიმდინარე წლის 22 სექტემბერია. გარდა ამისა, გვარამიამ კლუბში სტუმრობისას, განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობების მიმართ კეთილგანწყობილი არ არის და, მისი აზრით, ისინი არსებობას საერთოდ არ იმსახურებენ.
“ჩემი აზრით, პირველი არხი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. თუ ვისაუბრებთ, იმაზე, უნდა იყოს თუ არა აუცილებლად სტერილური მედია, ეს შეიძლება მაქსიმუმ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს, თორემ ჩემი დამოკიდებულება, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლების მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. მე მიმაჩნია, რომ ისინი არ იმსახურებენ არსებობას”, – აღნიშნა “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელმა.
როგორც გვარამია ირწმუნება, მედიას ყოველთვის უნდა ჰქონდეს იდეოლოგიური ამოცანა. მისივე თქმით, მედიის იდეოლოგიური ამოცანა გაცილებით უფრო პოზიტიური რამ არის, ვიდრე მედიის მფლობელის ბიზნესამოცანები. მისივე თქმით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” 3 წლის განმავლობაში მიჰყვებოდა “ნაციონალურ მოძრაობას“, რაშიც, გვარამიას თქმით, პრობლემას ვერ ხედავს.
“რუსთავი 2” 3 წლის განმავლობაში მიჰყვებოდა “ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ საერთოდ ვერ ვხედავ ამაში პრობლემას, რადგან ფასეულობებში თანაკვეთა იყო. საქართველოში, სამწუხაროდ, არსებობს ერთი ტელევიზია, რომელსაც აქვს იდეოლოგიური ამოცანა, ეს ვართ ჩვენ და არსებობს ყველა დანარჩენი ტელევიზია, რომელსაც აქვს მფლობელის ბიზნესამოცანა და იმის მიხედვით ხდება ფუნქციები ამ მედიების საინფორმაციო პოლიტიკაში, რა განწყობის მატარებელია მისი ბიზნესმენი მფლობელი. ყველა მსხვილი ტელევიზია საქართველოში დოტაციურია „რუსთავი 2“-ის გარდა.
„რუსთავი 2“-ის მხრიდან რაც ითქვა, ეს აქამდე არცერთ ტელევიზიას არ უთქვამს საქართველოში, ის, რომ, ჩვენ ვართ მხარე, მაგრამ კონკრეტული იდეოლოგიის მომსახურე მხარე.
რატომ ეშინოდა “რუსთავი 2”- ს ამის თქმის, მე ეს არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ აქამდე ქართული საბჭოთა ჟურნალისტიკის კლიშეების მსხვერპლი იყო. მგონია, რომ ეს არის სწორი, გულწრფელი და მაყურებლისთვის გასაგები.
ჩვენი მთავარი მისაღწევი მიზანი არის, ვნახოთ ეს ქვეყანა ევროატლანტიკურად ინტეგრირებული.
ის გარემოება, რომ მედია შეიძლება იყოს მხარე, არა რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდამჭერი, თუმცა ესეც შესაძლებელია და ქართული კანონმდებლობა და არც არანაირი დემოკრატიული ქვეყნის კანონმდებლობა ამას არ კრძალავს, რომ კონკრეტულ პარტიას თავისი მედია ჰქონდეს, მაგრამ ეს ჩვენს შემთხვევაში ასე ნამდვილად არ არის”,-განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელსაც სიტყვა BBC-ის ჟურნალისტმა ნატალია ანთელავამ ჩაუჭრა და აღნიშნა, რომ “რუსთავი 2” „ნაციონალური მოძრაობის“ პლატფორმა იყო. მის განცხადებას ტელეკომპანიის გენდირექტორიც დაეთანხმა და აღნიშნა, რომ იგი მის ამ პასუხს მთლიანად იზიარებს.
ამასთან, გვარამიასთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანია “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზეა დაფუძნებული.
“ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ ტელეკომპანია “იმედის” სარედაქციო პოლიტიკა არის მიუკერძოებელი და ობიექტური. მე ვერასოდეს ვერ ვიქნები ტელეკომპანია “იმედის” დირექტორი, არც ვიქნები, გამომდინარე ჩემი, ბადრი პატარკაციშვილისა და მისი ოჯახის ურთიერთობებიდან, მაგრამ ჩემი არჩევანიც არ იქნება ეს და არც რომელიმე სხვა ტელეკომპანიის”,- დასძინა მან.
სარედაქციო პოლიტიკაზე საუბრისას გვარამიამ ისიც აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც არხის იდეოლოგიურ მიმართულებას არ იზიარებს, რედაქციის დატოვება მოუწევს, თუმცა, გვარამიას თქმით, ზოგჯერ არხის კომერციული ინტერესებიც იკვეთება, რის მაგალითადაც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაასახელა.
“ჩვენ საზოგადოებისთვის სახეებად ვარჩევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც არიან იმ იდეების გამტარებლები, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. თუკი რომელიმე ჟურნალისტი არ იზიარებს სარედაქციო პოლიტიკის იდეოლოგიას, რედაქციის დატოვება მოუწევს, თუმცა ჩვენთვის კომერციული ინტერესიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. მაგალითად, გიორგი გაბუნია, რომელიც არის ჩვენი მთავარი ჟურნალისტი დღეს, მისი დამოკიდებულებები ეკონომიკურ საკითხებთან არ ზის მთლიანად ჩვენს პოლიტიკაში, მაგრამ ჩემთვის გაბუნია, როგორც ჟურნალისტი, გაცილებით მნიშვნელოვანია და “ატანადია”, მაგრამ რომ გამოაცხადოს, რომ ირმა ინაშვილი უნდა იყოს ყოველი გადაცემის “მთავარი სტუმარი”, ბუნებრივია, ვერც ინაშვილი იქნება მთავარი სტუმარი და ვერც გაბუნია წამყვანი”, – განმარტა გვარამიამ.