შსს “რუსთავი 2” -ის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიიღებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია “რუსთავი- 2” – ის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს გაატარებს. ამის შესახებ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გაცხადდა.
“ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის კამერები, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის 24-საათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორზე დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ საპატრულო ეკიპაჟები, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაცები”, – აცხადებენ შსს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სსკ 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება და საგამოძიებო მოქმედება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.