ზაქარია კოლელიშვილმა სანზონის მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სანზონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია კოლელიშვილი სანზონის მაცხოვრებლებს შეხვდა და გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
როგორც ზაქარია კოლელიშვილმა აღნიშნა, მთავარ პრობლემად კვლავ რჩება უმუშევრობა და სოციალური პირობების გაუმჯობესება, თუმცა აქვე განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით დაფინანსდა 2000-ზე მეტი მოქალაქის ოპერაცია, სამედიცინო გამოკვლევები და მედიკამენტები.
მისივე თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სანზონის სამაჟორიტარო ბიუროს, ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, სანზონაში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და შეძლებისდაგვარად მოგვარდა საბავშვო ბაგა-ბაღებში არსებული პრობლემები, ასევე აქტიურად მუშაობს ამხანაგობების ინსტიტუტი.
დღესვე ზაქარია კოლელიშვილმა მოსახლეობას მიწის ლეგალიზაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე მიაწოდა ინფორმაცია და განმარტა, რომ მიწის საკუთრებაში გადაცემის პროცედურების გამარტივების მიზნით, აღნიშნულ კანონპროექტზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ნაძალადევის რაიონის განვითარების პროექტები გააცნო. ზაქარია კოლელიშვილმა სათამაშო და სპორტული მოედნების, ასევე ბაღებისა და სკვერების პროექტები წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი მოსახლეობის თხოვნით და მათი ინტერესების გათვალისწინებით არის შედგენილი.
,,ჩვენ ბევრს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მთლიანად სანზონა და როგორ მოხერხდეს მისი საინტერესოდ ჩართვა ქალაქის დაგეგმარებაში, რათა ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების დასასვენებელი და გასართობი, აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო ობიექტები, დავასაქმოთ ადამიანები და მოვახერხოთ მოსახლეობისთვის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების პირობების შექმნა“, – განაცხადა ზაქარია კოლელიშვილმა და დასძინა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები