ტელეკომპანიების რეიტინგების დამთვლელი კომპანია 800 ლარით დაჯარიმდა
შემოსავლების სამსახურმა „თი-ვი ემ-არ საქართველო“, რომელიც საქართველოში „ფიფლმეტრებით“ ტელეკომპანიების რეიტინგებს ითვლის, 800 ლარით დააჯარიმა. კომპანიისთვის სანქციის დაკისრების მიზეზი კვლევაში მონაწილე ოჯახების მისამართების შეუტყობინებლობა გახდა. ამ ინფორმაციების მისაღებად შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები კომპანია „თი-ვი-ემ-არ ჯორჯიას“ ოფისში გუშინ საღამოს მივიდნენ. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ ოფისის ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, ორგანიზაციას „ფიფლმეტრების“ მდებარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადა 10 მარტამდე მისცა.
„ამ კომოპანიის ოფისში ჩატარდა ინვენტარიზაცია, მაგრამ მის კუთვნილებაშია სხვა მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობები, რომლებიც განლაგებულია ოფისის მიღმა. არსებობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის ბრძანება, რომელიც არეგულირებს კომპანიის კუთვნილებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობათა აღრიცხვის წესს. ამ ბრძანების საფუძველზე აღნიშნული ფასეულობების აღრიცხვა უნდა მოხდეს მათი განთავსების მიხედვით“,- განაცხადა შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია მოისწრაფიშვილმა.