„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე”
ორი დღის წინ, „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საფრთხეში არა მარტო სიტყვის თავისუფლებაა, არამედ ქვეყნის დემოკრატიაც.
სიმართლე გითხრათ, უცხოელი რომ იყო, რომ არ იყო ამ ქვეყნის მოქალაქე და გვარამიას გამტკნარებული სახისთვის შეგეხედა, იფიქრებდი, საქართველოში საშინელება ხდება და ამ კაცს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშინებენო. ისე, სანამ კონკრეტულად სიტყვის თავისუფლებაზე გადავალთ, მარტივ კითხვას დავსვამთ – თუ ნიკა გვარამიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არსებობს, საინტერესოა, ვინ და როდის გადაიღო ისინი?! სერიოზული ეჭვი გვაქვს, ეს კადრები (თუ არსებობს), სწორედ მაშინ გადაიღეს, როცა ბატონი ნიკა თავად იყო ხელისუფლებაში და საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე და კადრები სწორედ იმიტომ გადაიღეს, თანაგუნდელის წინააღმდეგ კომპრომატად რომ ჰქონოდა წინა ხელისუფლებას.
რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, უახლოეს წარსულს გაგახსენებთ…
Freedom House-ის მიერ, 2007 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქართული მედიის თავისუფლება შემცირდა. მიმოხილვის თანახმად, საქართველომ მედიის თავისუფლების რეიტინგში 57-ე პუნქტიდან მე-60 პუნქტზე გადაინაცვლა, „რაც ასახავს მედია გარემოს მზარდ პოლარიზაციას, ოპოზიციური ტელეკომპანია „იმედის“ ძალადობრივ დახურვას და ყველა სამაუწყებლო მედიასაშუალების დახურვას დროებითი საგანგებო მდგომარეობისას“ ნოემბრის მოვლენების დროს.
იმავე Freedom House-ის ცნობით, თავისუფლების ხარისხი საქართველოში გაუარესდა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები მკვეთრად არასწორი მიმართულებით განვითარდა.
მოხსენების თანახმად, საქართველოში არსებული „მყიფე მედიაგარემო“ ასევე მიუთითებს იმაზე, რომ დემოკრატიული სტანდარტები დაცული არ არის.
საქართველოს რეგრესი ასევე გამოიწვია ნოემბერში „ძალის გადამეტებულმა გამოყენებამ მომიტინგეების წინააღმდეგ“, რასაც მოყვა საგანგებო მდგომარეობის შემოღება – პოლიტიკური საქმიანობის, შეკრების უფლებისა და კერძო მედიამაუწყებლობის შეჩერების კომპონენტებით.
2007 წლის ნოემბერში ჩუმად არც ნატოს მაშინდელი გენერალური მდივანი, იააპ დე ჰოოპ სხეფერი იყო.
„საგანგებო ვითარების შემოღება და მედიასაშუალებების დახურვა საქართველოში, რომელიც არის პარტნიორი და რომელთანაც ალიანსს ინტენსიური დიალოგი აქვს, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს და ევროატლანტიკურ ღირებულებებს არ შეესაბამება“, – განაცხადა მაშინ ნატოს გენერალურმა 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში…
„დასავლეთმა უნდა აიძულოს საქართველო, შეაჩეროს მზარდი ავტორიტარიზმი. საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა „ზეწოლა უნდა მოახდინონ სააკაშვილზე და მის ადმინისტრაციაზე, რათა მისი მზარდი ავტორიტარული კურსი“ შეიცვალოს. კერძოდ, აშშ-მ ნათლად უნდა განაცხადოს, რომ ის მხარს უჭერს დემოკრატიულ პრინციპებს და არა რომელიმე კონკრეტულ რეჟიმს, საკმარისი არ არის იმის თქმა, რომ თუ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება, საქართველო თავის ძველ კურსს დაუბრუნდება. დაუშვებელია, რომ ყურადღების მიღმა დარჩეს უფრო ღრმა პრობლემები, რომლებიც უკავშირდება კანონის უზენაესობას, კორუფციას, მედიის თავისუფლების ნაკლებობას, ხელისუფლების დანაწილების და დაბალანსების პრინციპს და ეკონომიკურ უთანასწორობას“, – ეს განცხადება კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა 19 დეკემბერს გააკეთა.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ სააკაშვილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით ცდილობს თავისი დემოკრატიული იმიჯი აღიდგინოს მას შემდეგ, რაც „არაპროპორციული პასუხი“ გასცა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, თუმცა იმ რიგგარეშე არჩევნებამდეც მივალთ…
ICG-მ მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოებს “მოახდინონ ზეწოლა, მათ შორის დახმარების პირობების კუთხითაც, თუ კვლავ გაგრძელდება უკუსვლა; ასევე გაააქტიურონ სამოქალაქო საზოგადოების, სახალხო დამცველის და მედიის თავისუფლების გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების მხარდაჭერა“…
2008 წელს რაც შეეხება, Freedom House-ის ყოველწლიური კვლევის თანახმად, 2008 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით კვლევაში ნათქვამია, რომ მედიასივრცეში „დომინანტურ როლს ასრულებენ ის მედია საშუალებები, რომელთა მფლობელებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს“.
„საქართველო რჩება ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად, მაგრამ ის აღარ არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არჩევით დემოკრატიებად ითვლებიან. საქართველო ჩამოქვეითდა, ნაწილობრივ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სტილში ავტორიტარული ტენდენციების გამო. საქართველოს დაღმავალი ტენდენცია განპირობებულია (2008 წლის)საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზებით, მათ შორის არის უამრავი ცნობა დაშინების ფაქტების შესახებ და სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რამაც საგრძნობლად არათანაბარი პირობები შექმნა, რითაც მმართველმა პარტიამ ისარგებლა“,-ნათქვამია Freedom House-ის განცხადებაში.
არანაკლებ საინტერესოა Human rights watch-ის მოხსენება საქართველოს შესახებ, რომელიც 2009 წლის 15 იანვარს გამოქვეყნდა.
„კვლავ არაერთგვაროვანი რჩება, ქმედითი ბეჭდვითი მედიით და უკიდურესად შეზღუდული სატელევიზიო მაუწყებლობით, რაც, სავარაუდოდ, ხელისუფლების ზეწოლის შედეგია. მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა, დაეწყო ყოვლისმომცველი გამოძიება 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დარბევისას გადაჭარბებული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოხსენება აქვე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ გადაჭარბებული ძალის შესაძლო გამოყენების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევის გამოძიება დაიწყო“,- ნათქვამია მოხსენებაში…
პარიზში არსებული მედიის უფლებების დამცველი ჯგუფის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“-ს (Recreational Sports Facility RSF) მიერ 20 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ რეიტინგში საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაუარესდა.
178 ქვეყანას შორის საქართველოს 99-ე ადგილი უკავია 27 ქულით. კვლევა 2009 წლის სექტემბრიდან 2010 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.
გასული წლის ანალოგიურ კვლევაში საქართველოს 81-ე ადგილი ეკავა 18.83 ქულით. ინდექსის თანახმად, რაც უფრო მეტია ქულა, მით უარესია ქვეყანაში მედიის მდგომარეობა.
„სატელევიზიო გარემო ძალიან პოლარიზებული და მიკერძოებულია,- ნათქვამია დოკუმენტში და ალბათ ძნელი არ უნდა იყოს იმის მიხვედრა, თუ რომელი ტელევიზიები იყვნენ იმ დროს „მიკერძოებული“.
ანგარიში ასევე აღნიშნავს მაუწყებელთა მფლობელობასთან დაკავშირებით გამჭირვალობის ნაკლებობის პრობლემებს.
ანგარიშის თანახმად, ტელეკომპანიებისთვის ქვეყნის მასშტაბით სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მიცემას მხოლოდ შეზღუდული გავლენა ჰქონდა, ვინაიდან სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მაღალი ღირებულება პრობლემას წარმოადგენს ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიებისთვის, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო რეკლამაა.
უკვე 2012 წელს, როცა იმჯამინდელი ხელისუფლების რეიტინგი თუ სკამები მკაფიოდ იყო შერყეული,amnesty international-ი მმართველ გუნდს გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა.
„საქართველოს ხელისუფლება ვერ იცავს ოპოზიციის მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს ძალადობისგან, რომელსაც, როგორც ჩანს, პოლიტიკური საფუძველი უდევს. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლება ყველა ადამიანისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა ან კუთვნილებისა და ზედმიწევნითი, მიუკერძოებელი და ეფექტური, გამოძიების ჩატარების შემდეგ სამართალში მისცეს ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირები. ინციდენტების დროს დაზარალებულთა შორის სულ ცოტა ათი ჟურნალისტი იყო. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს შეუფერხებლად და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობის საშუალება ჰქონდეთ მიუხედავად იმ მედია საშუალების პოლიტიკური ინტერესისა, რომელსაც ისინი წარმოადგენენ“,- ნათქვამი იყო განცხადებაში.
2010 წლის 21 იანვარს, Human rights watch -ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით ტელემაუწყებლობა შემოიფარგლება სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი საზოგადოებრივი მაუწყებლით და ხელისუფლების მხარდამჭერი ტელეარხებით, „რუსთავი-2“-ითა და „იმედით“. ყურადღება მიაქციეთ განცხადების ერთ კონკრეტულ ფრაზას – „სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი…“
მოხსენების თანახმად, მედიის საკუთრების შესახებ გამჭირვალობის ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩება. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა „მხარეთა მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევათა დაუსჯელობა“ კვლავ გრძელდება.
მოხსენების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა გააღრმავეს საქართველოსთან ურთიერთობები და ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა, მათ „ბოლომდე ვერ გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ბერკეტები, რათა უზრუნველეყოთ საგრძნობი გაუმჯობესება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში“.
2009 წელს, ქართული მედიის შესახებ ჩატარებული კვლევა ძალიან საინტერესოა. კვლევა მედია მკვლევარებთან, ჟურნალისტებთან, მენეჯერებთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე შედგა და მასში ნათქვამია, რომ მედიაპროფესიონალები ქართულ სატელევიზიო სივრცეს უფრო პოლარიზებულად მიიჩნევენ, ვიდრე გამოკითხული რესპონდენტები. მაშინ როცა გამოკითხულთა 51%-მა განაცხადა, რომ მათი აზრით, „რუსთავი 2“ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, ამგვარ შეხედულებას მედიის წარმომადგენელთა 94% ემხრობა. მედია ექსპერტებს, კვლევის მიხედვით, მიაჩნდათ, რომ საზოგადოება იმაზე მეტად არ ენდობა ტელევიზიებს, ვიდრე ეს გამოკითხვამ აჩვენა. მაგალითად, გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ ისინი გარკვეულწილად მაინც ენდობიან „რუსთავი 2“-ის ინფორმაციას, მაშინ, როდესაც მედია პროფესიონალებს მიაჩნიათ, რომ ეს მაჩვენებელი 28%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. კვლევის თანახმად, რესპონდენტთა, დაახლოებით, 47% ნაწილობრივ ან სრულად ენდობა ქართულ მედიას – ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანში 43%-ს, ხოლო სომხეთში – 39%-ს შეადგენს.
არ გეგონოთ, მაშინ ხელისუფლებას მხოლოდ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ. მაგალითისთვის, 2007 წლის 29 ნოემბერს ევროპარლამენტი მიღებულ რეზოლუციაში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს, შეკრების თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების ჩათვლით.
იმავდროულად, ევროკავშირმა პოლონეთის ადამიანის უფლებათა ყოფილი დამცველი ადამ მიხნიკი საქართველოში გამოაგზავნა ტელეკომპანია „იმედის“ საკითხის მოგვარებაში დასახმარებლად.
ისე, ისიც სათქმელია, რომ 2005 წელს, ჟურნალისტთა ჯგუფმა, უფრო ზუსტად კი, 70-მა ჟურნალისტმა ხელი მოაწერა მიმართვას, რომელიც გამოხატავს შეშფოთებას ხელისუფლების მიერ მედიაზე ზეწოლის გამო.
მიმართვაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მედიაზე თავდასხმები „ვარდების რევოლუციის“ დასრულების პირველივე დღეებიდანვე დაიწყო. ტელეკომპანია „მზის“ გადაწყვეტილებამ დახუროს ყოველდღიული პოლიტიკური ტოქშოუ „არჩევანის ზღვარზე“ მწვავე დებატები გამოიწვია ხელისუფლების მხრიდან მედიის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლასთან დაკავშირებით.
კომპანიის მიერ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მმართველი პარტიის დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადება, რომელმაც ტელეკომპანია „მზე“ რუსთაველის მოედანზე 30 ივნისს მომხდარი არეულობის გაშუქების გამო გააკრიტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარყვეს რაიმე კავშირი ტელეკომპანიის გადაწყვეტილებასთან, ოპონენტებმა ტელეკომპანია „მზე“-სთან დაკავშირებული მოვლენები ხელისუფლების ტელეკომპანიაზე ზეწოლად შეაფასეს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს თავისუფალი მედიის საქმიანობაში ჩარევისგან და იმ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებისგან, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჩვენი მისამართით აკეთებენ“, – ნათქვამია მიმართვაში.
მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ რეგიონების ჟურნალისტები “ხშირად ხდებიან ადგილობრივი ხელისუფლების ზეწოლის მსხვერპლნი… სიტუაცია ამ კუთხით ძალიან რთულია, განსაკუთრებით შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთსა და აჭარაში.
ქართული საინფორმაციო სივრციდან გაუჩინარდა რამდენიმე გაზეთი და ტელეკომპანია (ტელეკომპანია „იბერია“, გაზეთი „ახალი ეპოქა“, „დილის გაზეთი“, „მთავარი გაზეთი“, ჟურნალი „ომეგა“, საინფორმაციო სააგენტო „ინტერ-პრესი“), დაიხურა წამყვანი ანალიტიკური გადაცემები („ღამის კურიერი”, „ღამის მზერა”, „60 წუთი”, „რა ხდება”, „ტაიმაუტი“, „ცაიტნოტი“), დღემდე ეთერიდან იხსნება ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლისთვის მიუღებელი სიუჟეტები.
ბრიფინგებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე არ ასწრებენ, მათი თქმით, დაბალრეიტინგულ ტელეკომპანიებს, იგნორირებას უწევენ გაზეთების, რადიოებისა თუ საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლებს, რომლებიც მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში ხვდებიან ქვეყნის პირველი პირების პრესკონფერენციებზე.
სერიოზული პრობლემები აქვთ რეგიონებში მოქმედ მედია-საშუალებებსაც, რომელთა ჟურნალისტებიც ადგილობრივი მმართველობისა თუ თვითმმართველობის წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან.
ამ მხრივ, მძიმე ვითარებაა შექმნილი შიდა ქართლში, კახეთში, იმერეთსა და აჭარაში.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე სახელმწიფო დაწესებულებებში ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოწერა აიკრძალა. ოფიციალური ვერსიით, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს უფრთხილდება, ჩინოვნიკები ხომ თურმე, გაზეთებს არ კითხულობენ. გასულ კვირას კი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ გალაშქრებამ საშიშ ზღვარს მიაღწია.
მათი განრისხების მიზეზი გახდა რუსთაველის გამზირზე 30 ივნისს განვითარებული მოვლენები, რომელსაც ყველა ტელეკომპანია პირდაპირ ეთერში გადასცემდა. იმ ღამეს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ჩვენს კოლეგებს – ირაკლი გედენიძეს, ზვიად ნიკოლაიშვილსა და ნატო მახვილაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ფოტოაპარატის წართმევით დაემუქრნენ ფოტოჟურნალისტ გია აბდალაძეს. ხოლო მოგვიანებით, სატელევიზიო ეთერებიდან ჟურნალისტებმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა უსაფუძვლო კრიტიკა და საყვედური დავიმსახურეთ.
ისინი მრავალათასიანი მაყურებლის წინაშე თითის დაქნევასა და მუქარასაც არ მორიდებიან. ჩვენ, საქართველოში მოქმედი ჟურნალისტები, ღიად ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება ცდილობს, ჩაერიოს და გააკონტროლოს ჩვენი საქმიანობა. აგვიკრძალოს მისთვის არასასურველი ინფორმაციის სატელევიზიო ეთერსა თუ საგაზეთო ფურცლებზე მოხვედრა, პრობლემები შეგვიქმნას ინფორმაციის მოპოვებასა და შემდგომ მის გავრცელებაში. განახორციელოს სადამსჯელო ღონისძიებები იმ მედიასაშუალებათა წინააღმდეგ, რომელთა ინფორმაციები, ანალიტიკური გადაცემები თუ ტოქშოუებიც არ მოეწონება.
ამის თვალნათელი დადასტურებაა ბოლო დღეებში ტელეკომპანია „მზის“ გარშემო განვითარებული მოვლენები და გავრცელებული ინფორმაცია მისი დახურვის შესახებ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი შეიკავონ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევისა და იმ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან, რომელსაც მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ჩვენი მისამართით აკეთებენ. მოვუწოდებთ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს, აქტიურად ჩაერთვნენ საქართველოს ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობებში და სისტემატურად აწარმოონ მონიტორინგი ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებთან დაკავშირებით.
ეს იყო ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობდით და რატომღაც, წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ, რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ.
არადა, შედარებისთვის გეტყვით, რომ პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველოს ბოლო 15 წლის მანძილზე საუკეთესო შედეგი აქვს და ეს შედეგი 2014 წლის 1 მაისის კვლევის შედეგად გამოჩნდა.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მონაცემებით, საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა ორი ქულით გაუმჯობესდა და 47 ქულით, 197 ქვეყანას შორის 93-ე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთი და სომხეთი 134-ე ადგილს იკავებენ, რუსეთი – 176-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი კი 183-ზე.
პრესის თავისუფლების მხრივ ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ქვეყნებად რჩებიან -ბელორუსია, კუბა, გვინეა, ერიტრია, ირანი, სამხრეთ კორეა, თურქმენეთი და უზბეკეთი, რომელთა ქულები 90-დან 100-მდე მერყეობს. კვლევა „პრესის თავისუფლება 2014“ დღეს გამოქვეყნდა. მასში სულ 197 ქვეყანა მონაწილეობდა. აქედან 63 (32%) პრესის თვალსაზრისით შეფასდა როგორც „თავისუფალი“, 68 (35%) – „ნაწილობრივ თავისუფალი“, 66 (33%) კი „არათავისუფალი“.
ქვეყანა ქულას საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს შეფასებით იღებს.
კვლევის თანახმად, საქართველოს ყველაზე კარგი მდგომარეობა საკანონმდებლო თვალსაზრისით აქვს, რადგან ამ პარამეტრში 12 ქულა აქვს, ყველაზე ცუდი კი პოლიტიკის მიმართულებით – 19 ქულა. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა 16 ქულით შეფასდა.
თავისუფალი მედია არის ქართული საზოგადოების უდავოდ დიდი მონაპოვარი. დღეს მედია აბსოლუტურად თავისუფალია სამთავრობო გავლენებისგან. ჟურნალისტებს საშუალება აქვთ, საკუთარი პრინციპებისა და პროფესიული კეთილსინდისიერების შესაბამისად იმუშაონ, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2014 წლის განმავლობაში პოლიციელების მიერ ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენების ან კამერის კონფისკაციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
„მუნიციპალური არჩევნების წინა პერიოდში მედია გარემო იყო დაბალანსებული და შეუფერხებელი, მედია ინფორმაციას ავრცელებდა საქართველოში მომუშავე საერთაშორისო, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა სატელევიზიო არხების საკუთრების და ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ გაუმჯობესდა 2013 წელს კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
რაც შეეხება დღევანდელ რეალობას. პროცესების გამჭვირვალეობას ისიც ადასტუტრებს, რომ „რუსთავი-2“ის საქმეში ჩართულია ყველა დაინტერესებული პირი და საელჩოს წარმომადგენლები. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით, “რუსთავი2″-თან დაკავშირებულ საქმეს ის დიდი ინტერესით აკვირდება. მისივე შეფასებით, საქართველოში მედია თავისუფალია.
„ყველა, ვისაც ამ მხრივ ინტერესი გაგვაჩნია, აღფრთოვანებულები ვართ დემოკრატიის მხრივ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და დიდი ინტერესით ვაკვირდებით „რუსთავი 2“-ის საქმეს. მე და ჩემი კოლეგები თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს და გვაინტერესებს, რა მოხდება ამ კვირაში. ეს სასამართლო პროცესია და რაც არ უნდა მოხდეს სასამართლოში, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს კვლავ აქვს მედიის თავისუფლება და მთელი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით, არსებობს შესაძლებლობა, გამოითქვას განსხვავებული მოსაზრებები ქართული მედიის შესახებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საქართველოს მეგობრებს შეუძლიათ, ისაუბრონ. ერთ წელიწადში საქართველოს არჩევნები ელის, რაც საშუალებას მისცემს, კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ რეგიონში დემოკრატია არსებობს”, – განაცხადაჰოლ ჰოლიმ.
და ამის ფონზე პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებას, ლოგიკური კომენტარი გაუკეთა პრემიერმა. მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვები არის ზეწოლა სასამართლოზე და მოსამართლის საქმიანობაში კონკრეტული მხარის სასარგებლოდ ჩარევა. ეს ხელს უწყობს „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობას „რუსთავი2“-ის საქმე გავიდეს სამართლებრივი სივრციდან და პოლიტიკური დავის საგნად წარმოჩნდეს.
გარდა ამისა, სრულიად გაუგებარია რა ამოძრავებს პრეზიდენტს, როდესაც სრულიად უადგილოდ ახსენებს ისეთ სენსიტიურ ფრაზას, როგორიც კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნებაა.
პრემიერ-მინისტრმა განცხადა ის, რასაც ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ბოდიში აქვს მოსახდელი ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ ისინი ბოდიშის მოხდის ნაცვლად ცდილობენ სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბონ და პროცესები ისე წარმართონ, რომ ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებთან პრობლემები შეექმნას.
სხვანაირად მათი ქმედებები ვერ აიხსნება. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიას საქმის გამოძიება ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება, მიუხედავად იმისა პროვოკაციაა ეს, თუ არის მასში სიმართლისმაგვარი რაიმე მარცვალი.
„რუსთავი 2“-ის ეზოში კარვების, თუ საწოლების დადგმით „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, სასამართლო პროცესს პოლიტიკური დაპირისპირების სახე მისცეს და რამენაირად სახალხო პროტესტს დაამსგავსოს, რაც საზოგადოების განწყობიდან და აქციებზე მისული მათი მხარდამჭერების რაოდენობიდან გამომდინარე აშკარად ჩანს, რომ შეუძლებელია.
ვერც სააკაშვილის მიერ დავალებული კარვების გაშლა და ვერც ეს უსაფუძვლო პანიკა, მათ საზოგადოების მხარდაჭერას ვერ მოაპოვებინებს.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო და რა შინაარსისაც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება, მას ვერავინ შეცვლის, ვერც ოპოზიცია და ვერც – ხელისუფლება.
წყარო: „ახალი თაობა“