2 ქალბატონი ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს

  შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული მარიამ კ. და 1986 წელს დაბადებული ინგა ჯ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა ნარკოტიკული საშუალება წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეიძინეს და ინგა ჯ-ს საცხოვრებელ ბინაში შეინახეს. სამართალდამცველებმა ინგა ჯ-ს ბინაში ჩხრეკის შედეგად 6,688 გრ ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 2,3207 გრ ჰეროინს შეიცავს. დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად მარიამ კ-ს ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე. გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები