ირაკლი ღარიბაშვილი ყატარის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფასს შეხვდა. მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრაზე საქართველო -ყატარის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ ელჩს წარმატებები უსურვა. მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფა საქართველოში ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 2015 წლის ივლისის თვეში დაინიშნა. მას დამთავრებული აქვს ტუნისის რესპუბლიკის ალ-მანარის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. მუშაობდა ყატარის საელჩოში ტრიპოლში, ტუნისსა და რომში. ბოლო წლებში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში მინისტრის თანაშემწის ოფისში მუშაობდა.