ბაღათურია „კასრების ვიდეოზე“: ეს კადრები სააკაშვილის ხელდასხმით კეთდებოდა, ის ამ ყველაფრის თანაავტორია

პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ ე.წ. კასრების ვიდეოზე ისაუბრა, სადაც დაპატიმრებული ადამიანის წამება და მასზედ ძალადობა იყო აღბეჭდილი. ბაღათურია მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ აუცილებლად უნდა ნახოს ეს მძიმე კადრები და იცოდეს, რა დანაშაული ხდებოდა.
ბაღათურია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ეს კადრები დიპლომატიური კორპუსისთვის, „სახალხო პარტიის“ წარმოამდგენლებისთვის უნდა ეჩვენებინა და ამ კადრების საფუძველზე, აღნიშნული „ვიდეოების შემოქმედის“ – მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება უნდა მოეთხოვათ.
„ 70 წელი გავიდა გერმანიის დამარცხების და ფაშისტური რეჟიმის გასამართლების შემდეგ . არსებობს ცოცხლად გატყავებული ადამიანების კადრები, არის კადრები დამწვარი ძვლების გამოტანის…. ამას 70 წელია მთელი მსოფლიო ტირაჟირებს. დღემდე 100 წელს გადაცილებულ ფაშისტსაც კი, როცა პოულობენ, ან ხვრეტენ ან ციხეში სვამენ. ასეთი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო ამ დამნაშავეების მიმართაც. ყველამ უნდა იცოდეს, რა დანაშაული ხდებოდა. ეს ძალიან მძიმე კადრებია, მაგრამ ის საზოგადოებამ უნდა ნახოს. ეს კადრები უნდა ენახა დიპლომატიურ კორპუსს, „სახალხო პარტიას“ და ვეღარ ისაუბრებდნენ შემდეგ პოლიტიკურ დევნაზე. ეს კადრები სააკაშვილის ხელდასხმით კეთდებოდა, ის ამ ყველაფრის თანაავტორია. ამიტომ ხელისუფლებას ეს კადრები უკრაინაში უნდა გაეგზავნა და სააკაშვილის ექსტრადირება მოეთხოვა. 25 000 ადამიანის წამება, გაუპატიურება და მერე ამის ჩაწერა სისტემური დანაშაულია, ამის სათავეში კი სააკაშვილი იდგა“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები