“ფაქტია 2013 წლის გარდა, „გაზპრომის“ მხრიდან დამატებითი გაზის მოწოდება საქართველოში არ შეწყვეტილა”

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ენერგეტიკულად საქართველო რუსეთზე დამოკიდებული არ უნდა გახდეს, მაგრამ ამასთან, მისი თქმით, „გაზპრომთან“ ურთიერთობა გარდაუვალია. როგორც ლაგაზიძემ „პირველ პრესკუბში“ განაცხადა, საქართველოს დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივები გააჩნია იქიდან გამომდინარე, რომ ირანს სანქციები მოეხსნა.
„ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო და საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, ისევე როგორც ირანის მხრიდან. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს თავისი გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების ახალი გზების მოძიება მოუწევს. ამ თვალსაზრისით ირანი უკვე ეძებს პარტნიორებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა საქართველოზე გადის. კერძოდ, საუბარია ირანის გაზის მიერთებაზე, „ტანაპის“ გაზსადენზე 2017-2018 წლიდან. ეს იაფი გაზის მიღების შანსია, ასევე დამატებითი შემოსავლების მიღების და გარდა ამისა, ეს ქვეყნის სტაბილურობის შანსიცაა. ასევე საუბარია ირანი-სომხეთი-საქართველოს გზაზე, ანუ სპარსეთის ყურის დაკავშირებაზე ამ გზით შავ ზღვასთან. ესეც ძალიან პერესპექტიულია“, – აღნიშნა ლაგაზიძემ.
მისი განმარტებით, ხელისუფლება საზოგადოებასთან, აღნიშნული პერსპექტივების მიტანას ვერ ახერხებს. ლაგაზიძის თქმით, ხელისუფლებამ საქართველოს მოსახლეობისთვის ვერც „გაზპრომთან“ დაკავშირებული საკითხების მიწვდენა შეძლო, რამაც საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია.
„არასწორი კომუნიკაციის შედეგია „გაზპრომთან“ დაკავშირებული ხმაური, რომელიც 1 კვირის წინ ატყდა ვიცე-პრემიერ კალაძის ვიზიტის შემდეგ. ისევე როგორც აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტად გავლის შემთხვევაში საქართველო შესაბამის საზღაურს იღებს, ასევე რუსული გაზიც გადის საქართველოს გავლით ტრანზიტად სომხეთში, შესაბამისად, საქართველო ასევე იღებს ამ ტრანზიტის საფასურს, მაგრამ ეს მოცულობები და გაზის მიწოდების ტექნიკური პირობები ყოველწლიურად, ახალი დამატებითი ხელშეკრულებებით გადაიხედება. ეს იყო როგორც 2006 წლამდე ასევე 2006 წლის შემდეგაც, როცა ჩვენ რუსეთმა გაზი შეგვიწყვიტა, აქედან გამომდინარე, კალაძის ვიზიტი ერთ-ერთი რიგირთი ვიზიტი იყო. ამავდროულად, აღმოჩნდა ისიც, რომ გარდა ამ ტრანზიტის ღირებულაბეში მიღებული გაზისა, „გაზპრომი“აირის დამატებით მოცულობებს გვაწვდის. ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია და „გაზპრომიდან“ შემოსული აირი საერთო მოცულობის 5%-მდე არის. მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წლის გარდა, „გაზპრომის“ მხრიდან დამატებითი გაზის მოწოდება საქართველოში არ შეწყვეტილა“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
ექსპერტის თქმით, სასაცილოა იმაზე მსჯელობა, რომ „სოკარის“ „გაზპრომით“ ჩანაცვლება მოხდეს.
„თუ ჩვენ გავეცნობით იმ მოცულობებს, რაც დღემდე აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდიოდა, სასაცილოა საუბარი „სოკარის“ ჩანაცვლებაზე და აზერბაიჯანის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე, ეს გამორიცხული თემაა. ამას არც საქართველო იზამს და არც საქართველოს დასავლელი პარტნიორები დუშვებენ“, – განმარტა ლაგაზიძემ.
ექსპერტის განცხადებით, საქართველოსთვის ამოსავალი უნდა იყოს ეგნერგეტიკული უსაფრთხოება და მისი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორ აზერბაიჯანთან.
„რა თქმა უნდა, ცალსახად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ „გაზპრომზე“ ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულება. მაგრამ კითხვა, უნდა ითანამშრომლოს თუ არა „გაზპრომთან“ ხელისუფლებამ, თავისთავად ვერ დაიბადება იმიტომ, რომ გინდა არ გინდა საქართველოს ტერიტორიაზე გადის „გაზპრომის“ გაზი ტრანზიტად სომხეთისკენ. შენ ამ თანამშრომლობაზე უარს ვერ იტყვი. შენ ვერ ეტყვი მეზობელ სომხეთს, რომ მე ვკეტავ გაზსადებს, არ ვუშვებ რუსულ გაზს შენთან იმიტომ, რომ ეს არის „გაზპრომის“ გაზი. ეს თანამშრომლობა არსებობს და იარსებებს სულ მცირე იმ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყანას აქვს. ამავე დროს, ამ თანამსრომლობისას უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებული რუსეთზე არ უნდა გახდეს“, – განაცხადა ექსპერტმა „პირველ პრესკლუბში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები