საქართველოსა და სლოვენიას შორის „სამგზავრო და სასაქონლო საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრს პიტერ გაშპერშიჩს შეხვდა. სლოვენიის დელეგაცია საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სლოვენიის ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობასა და მისი განვითარების შესაძლებლობებზე წარიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სლოვენიას შორის გაფორმდა შეთანხმება „სამგზავრო და სასაქონლო საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელსაც ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა პიტერ გაშპერშიცმა მოაწერეს.
შეთანხმებით განისაზღვრა სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ, სატრანზიტო ან მესამე ქვეყნებში კვოტირებული ნებართვების საფუძველზე, რომელთა რაოდენობასაც მხარეები ყოველწლიურად განსაზღვრავენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შეთანხმების თანახმად, საქართველოს სატრანსპორტო საშუალებები უფრო უსაფრთხოდ გადაადგილდებიან სლოვენიის ტერიტორიის გავლით და პირიქით.
„სლოვენია საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში არსებობს“, – განცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა საქართველოსა და სლოვენიას შორის ტურიზმის განვითარებისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის დამყარების შესაძლებლობაზე.