სურსათის ეროვნული სააგენტო: “როსსელხოზნადზორის” ბრალდებას საგანგებო განცხადებით პასუხობს
სურსათის ეროვნული სააგენტო “როსსელხოზნადზორის” მიერ გაჟღერებულ ბრალდებას საგანგებო განცხადებით პასუხობს.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოში 2008 წლის შემდეგ ღორის აფრიკული ცხელება არ დაფიქსირებულა.
„ღორის აფრიკული ცხელების გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად (DTRA), სერომონიტორინგს (სისხლის ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევა) ყოველწლიურად ახორციელებს. სააგენტოს განცხადებით, 2008 წლის შემდეგ საქართველოში აღნიშნული დაავადება არ დაფიქსირებულა.
დღეს რუსულ საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, „როსსელხოზნადზორის“ ომსკის რეგიონულმა სამმართველომ ყაზახეთი-რუსეთის საზღვარზე 20 ტონა ამერიკული წარმოების ღორის ხორცი ამოიღო და გაანადგურა, საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ტვირთმა საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე გაიარა“, – აცხადებენ სააგენტოში.