ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის სადისტური რეჟიმი სასტიკად აწამებდა მოსახლეობას

გუშინდელი კადრები იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არსებობდა – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოს სამალავში აღმოჩენილი წამების კადრების გავრცელების ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მარტივი საფიქრებელია ის, რომ ამ კადრების ძალიან ბევრი ასლი არსებობდა.
“ძალიან მარტივი საფიქრებელია ის, რომ ამ კადრების ძალიან ბევრი ასლი არსებობდა. ანუ, მრავალი ვერსია შეიძლება იქნას განხილული, როგორ გავრცელდა ეს კადრები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ წინა მთავრობა – სააკაშვილის რეჟიმი კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა. ეს არის სადისტური რეჟიმი, რომელიც ასე სასტიკად აწამებდა საკუთარ მოსახლეობას. მე არ მინდა კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ძველ საკითხებს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე, ვერ აცნობიერებენ იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც მათ ჩაიდინეს ჩვენი ხალხის წინაშე.
ქართველმა ხალხმა მათ გამოუტანა განაჩენი 2012 წლის პირველ ოქტომბერს და გუშინდელი კადრები იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არსებობდა. ენით აღუწერელია, როგორ უსწორდებოდნენ და აწამებდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები