კახა კალაძე: NDI-ს საქართველოს ოფისი გარკვეული ხარვეზებით მუშაობს
ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, NDI საერთაშორისო ორგანიზაციაა, თუმცა საქართველოში არსებული ოფისი გარკვეული ხარვეზებით მუშაობს. მისი თქმით, “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევებთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია.
“დაწყებული 2012 წლიდან ჩვენ გვახსოვს ყველა კვლევის შედეგი, ყველა განცხადება. ასე რომ, ყველაფერს არჩევნები აჩვენებს და ქართველი ხალხი გადაწყვეტს, თუ ვინ მოიგებს 2016 წლის არჩევნებს”, – განაცხადა კახი კალაძემ.
რაც შეეხება ქვეყანაში პრობლემების არსებობას, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, რა თქმა უნდა ქვეყანაში პრობლემები არსებობს და ხელისუფლება ამაზე საუბარს არ ერიდება.
“ძალიან მძიმეა სოციალური ფონი. ეს გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, თუმცა ამ 3 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, ბევრი შეღავათი იყო მოსახლეობისთვის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების მიმართულებით. 60 ლარით გაიზარდა ასევე პენსია, თუმცა ეს არის ძალიან ცოტა. კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშავოთ. რაც მთავარია ხალხს აქვს იმედი, რომ ყველა პროექტი განხორციელდება, რათა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას პრობლემები შევუმსუბუქოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.