პაატა ზაქარეიშვილი: თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მშვიდობის 3 წელიწადი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მშვიდობის 3 წელიწადი. 3 წელია ასეთი მშვიდობიანი პერიოდი არ ყოფილა – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2013-2015 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში ჟურნალისტებს წარუდგინა.
“ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ შედეგებზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მშვიდობის 3 წელიწადი. 3 წელია ასეთი მშვიდობიანი პერიოდი არ ყოფილა. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, რომელზეც შეიძლება დაფუძნდეს შემდგომი პერიოდი. რა მოგვიტანამ ამ სამწლიანმა მშვიდობიანმა პერიოდმა? მეტი ჩართულობა და მეტი ნდობა აფხაზური და ოსური საზოგადოებისა საქართველოს მიმართ. ასეთი ინტენსიური, ასეთი მრავალფეროვანი, ასეთი მდგრადი არ ყოფილა, აფხაზური და ოსური საზოგადოების ინტერესები დანარჩენი საქართველოს მიმართ და იმ სიკეთეების მიმართ, რასაც მას საქართველო სთავაზობს. ერთი ასად გაიზარდა ინტერესი ჯანდაცვის მიმართ, როგორც სოხუმიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან. ადამიანები უკვე მეორედ, მესამედ ჩამოდიან სამკურნალოდ და ფულსაც კი ხარჯავენ, რათა გააგრძელონ აქ მკურნალობა, სადაც არ არის კორუფცია და არის მაღალი ხარისხსის მკურნალობა. ეს არის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა. როგორც მინისტრმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერთ-ერთი სერიოზული შედეგი, რომელიც შარშანდელმა წელიწადმა მოიტანა ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ჩამოდიან დასასვენებლად განსაკუთრებით ცხინვალიდან.
“ჩვენი მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ შევინარჩუნოთ არაკონფრონტაციული ვითარება. დღეს არც ოსურ და არც აფხაზურ საზოგადოებას არანაირი არგუმენტები არ გააჩნია საქართველოს წინააღმდეგ. ერთ-ერთი სერიოზული შედეგი, რომელიც შარშანდელმა წელიწადმა მოიტანა და წელსაც განმეორდა, ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ჩამოდიან დასასვენებლად განსაკუთრებით ცხინვალიდან. მათ ზაფხულში ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ, ერთადერთი ყველაზე ახლო კომფორტული გარემო, ეს არის აჭარის სანაპირო და საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანები ჩამოდიან”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები