ზვიად კვაჭანტირაძე: ერთი წუთითაც არ ვიდარდებ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებზე
,,ქართული ოცნება“ კარგად იცნობს რეალობას და შიდა კვლევის საფუძველზე აგრძელებს მუშაობას, – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის – NDI-ის მიერ ჩატარებულ კველვას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
აღნიშნულ კვლევას დეპუტატი უნდობლობას უცხადებს.
,,ერთი წუთითაც არ ვიდარდებ NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებზე. ამის მიზეზები მაქვს. უპირველესად მახსენდება, რომ 2012 წლის არჩევნების წინ თებერვალში მათ “ქართულ ოცნებას” 10%-იანი შედეგი “დაუდეს” და ნაცებს კი 47%.
მეორე – NDI -ის საქართველოს წარმომადგენლობა ყოველთვის „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მეშვეობით ატარებს საქართველოში სოციოლოგიურ კვლევებს, ეს ორგანიზაცია კი პირდაპირ კავშირშია “ნაციონალურ მოძრაობასთან”.
უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ მათი კვლევის შედეგები ჩვენი მოსახლეობის განწყობებს ადეკვატურად არ ასახავს, არის მიკერძოებული და ყოველთვის ჩნდება კითხვის ნიშნები, განსაკუთრებით მის პოლიტიკურ ნაწილთან მიმართებაში. არავითარი საფუძველი არ გვაქვს სერიოზულად განვიხილოთ ამ კვლევის შედეგები, მითუმეტეს იქ მოყვანილი პოლიტიკური რეიტინგები, რომელიც უფრო მეტად გარკვეული ძალების პოლიტიკურ სურვილებს გამოხატავს, ვიდრე რეალურ მდგომარეობას.
ამ კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 71%-ს პოლიტიკური სიმპატიები ვერ დგინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს რეიტინგები არარელევანტურია და მასზე დაყრდნობით რეალურ რეტინიგებიზე საუბარი შეუძლებელი და არასერიოზულია. მეორე მხრივ, მაპატიეთ, მაგრამ ცოტა შეურაცხმყოფელიცაა ხალხს განუცხადო, რომ აზრზე არ არიან რა ხდება და აზრი ვერ გამოაქვთ რეალობიდან.
(NDI-ს კვლევის მიხედვით, თურმე გამოკითხულთა 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ხმას რომელ პარტიას მისცემს, 11%-მა არ იცის ვის მიემხრობა, ხოლო 1% პასუხზე უარს აცხადებს.)
ჩვენ კარგად ვიცნობთ რეალობას და ჩვენი შიდა კვლევების შედეგების გათვალისწინებით გავაგრძელებთ მუშაობას“ – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.