რას ყვება „ტოიოტას“ ცენტრის ხელმძღვანელი ერეკლე კოდუაზე

  „ტოიოტას“ ცენტრის დირექტორი ერაკლი გურჩიანი იმ სქემის შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა ერეკლე კოდუამ „ტოიოტას“ ცენტრიდან ორი ავტომობილი ისე გაიყვანა, რომ არც ერთი თეთრი არ გადაიხადა. ერეკლე გურჩიანის თქმით, 2009 წელს ერეკლე კოდუამ დედისთვის 92 აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი წაიყვანა, თუმცა თანხა არ გადაუხდია. გურჩიანის განცხადებით, ამის შემდეგ მისი ძმა დააკავეს და ერეკლე კოდუას ბრძანებით ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.
„მოვიდა კოდუა და მითხრა, დედაჩემისთვის მანქანა მინდა და ვიყიდიო. მე იაპონელებს ვთხოვე, ფასი დაეკლოთ და მას სპეციალური ფასი შევთავაზე. მითხრა, ერთ თვეში, წლის ბოლომდე გადავიხდი თანხასო. არც წლის ბოლოს გადაიხადა, არც ერთი თვის და არც ორი თვის შემდეგ. მერე დაიჭირა ჩემი ძმა, აიყვანეს კოდუას კაბინეტში, ჩაუდეს წამალი და უთხრეს, რომ დაურეკე შენს ძმას, იმ მანქანის ფული არ გადამახდევინოსო და გაგიშვებ ახლავეო“, – აცხადებს „ტოიოტას“ ცენტრის ხელმძღვანელი ტელკომპანია „იმედთან“.
გიორგი გურჩიანმა სასჯელაღსრულების დაწესებულებში 6 თვე გაატარა, რის შემდეგაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. როგორც ერეკლე გურჩიანი აცხადებს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ ერეკლე კოდუამ კიდევ „ტოიოტას“ მარკის ერთი ავტომობილი მოითხოვა, რის შემდეგაც გურჩიანმა მას ეს ავტომობილიც გადასცა. ამ საქმესთან დაკავშირებით 2012 წელს გაიმართა სასამართლო პროცესი, თუმცა ეს პროცესი კოდუების ოჯახის გამარჯვებით დასრულდა.
„6 თვე იჯდა, მერე საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა. საპროცესო შეთანხმებაშიც კი მოგვატყუა. გვითხრა, რომ თანხის გარდა მთავრობას უნდა მივცეთ ერთი „ჰაილუქსი“ და ისიც მოგვეციო. ვიყიდე მანქანა ჩემი ფულით, ვიცოდი, რომ უნდა გადამეფორმებინა ეკონომიკის სამინისტროზე და გამაფორმებინა თავის მეგობარზე და მერე იმისგან თვითონ გადაიფორმა “, – აცხადებს ერეკლე გურჩიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები