ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი გაიხსნა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განახლებული ეროვნული სტენდითა და დატვირთული ლიტერატურული პროგრამით წარდგა. ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და ქართველმა გამომცემლებმა სხვადასხვა საერთაშორისო წიგნის ბაზრობის მენეჯმენტისა და უცხოური გამომცემლობის წევრებს უმასპინძლეს. წელს ქართულმა პავილიონმა დამთვალიერებლებისა და საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლების დიდი ყურადღება დაიმსახურა.
ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო წიგნის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს დაფინანსებით საზღვარგარეთ გამოცემული ქართული ლიტერატურის რამდენიმე ათეული თარგმანი, მათ შორის ახალი გამოცემები და ქართველი გამომცემლობების უახლესი წიგნები. ასევე შედგა სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მომზადებული კატალოგებისა და გერმანიაში გამოცემული შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ (გამომცემლობა Reichert) სასაჩუქრე გამოცემის პრეზენტაცია. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში სტუმრები ლაშა ბუღაძის პიესის Homo ex machina-ს თეატრალიზებულ კითხვასაც დაესწრნენ.