სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო

გარდაცვლილ სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გადაიდო. მომდევნო პროცესი 21 მარტს გაიმართება, რა დროსაც ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მტკიცებულებებს წარადგენენ.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ ბრალდების მიერ წარდგენილ მტკიცებულებებში ტექნიკური დეტალები დააზუსტა. ერთ-ერთი ბრალდებულის, გერონტი ალანიას ადვოკატის, გიორგი ტურაზაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ეპიზოდი გირგვლიანის საქმეს არ უკავშირდება და იგი აპირებს, მოითხოვოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე გამოეყოს გირგვლიანის საქმეს.
“მე შემდგომ სხდომებზე, როდესაც პროცედურა მომცემს ამის საშუალებას, აუცილებლად დავაყენებ საკითხს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე გამოეყოს გირგვლიანის საქმეს. გერონტი ალანია ბრალდებულია ოქროყანის, დაბრუნდაშვილისა და აბულაშვილის საქმეზე და ეს საქმე ერთ-ერთ ეპიზოდად მოხვდა გირგვლიანის საქმეში, რაც სრულიად გაუგებარია. ორი სრულიად სხვადასხვა საქმეა და მოვითხოვ, რომ ეს საქმეები გამოეყოს ერთმანეთს. გერონტი ალანია გირვლიანის საქმეზე მსჯავრდებული უკვე იყო”, – განაცხადა ადვოკატმა.
გირგვლიანის საქმეში ბრალდებულები არიან: ვანო მერაბიშვილი, დათა ახალაია, გერონტი ალანია, ვალერიან მეტრეველი და ოლეგ მელნიკოვი. მათ ბარალად ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, არაადამიანური მოპყრობა, მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და თავისუფლების უკანონო აღკვეთა. საქმეში ბრალდებული პირებიდან სამი პატიმრობაში იმყოფება, ხოლო დათა ახალაია და გერონტი ალანია ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები