მოსკოვში ქართველების დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდის „გიგაშოს“ ხელმძღვანელობით შექმნილი დამნაშავეთა დაჯგუფების წევრები დააკავეს. დაკავებული სამი დამნაშავე მოსკოვში ე.წ. „ჯიბის ქურდობას“ეწეოდა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ. დამნაშავეთა დაჯგუფებას 31 წლის ქართველი გიორგი მერაბის ძე მუკბანიანი, მეტსახელად „გიგაშო“ ხელმძღვანელობს. სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო დანაშაული მათ რუსეთში 5 მარტს ჩაიდინეს. გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა მოსკოვში 30 წლის მამაკაცს ავტომობილი „პორშე“ და ჩანთა გასტაცეს, რომელშიც ნახევარი მილიონი რუბლი ინახებოდა. გამოძიებით დადგინდა, რომ მოგვიანებით, 8 მარტის დღესასწაულზე გატაცებული ჩანთა დამნაშავეებმა „გიგაშოს“ მეგობარ გოგონას უსახსოვრეს. რუსეთის შსს ინფორმაციით, დამნაშავეებს 2014 წლის თებერვლიდან ამ დრომდე 20 სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს.