რუსეთიდან ქართველი „კანონიერი ქურდია“ დეპორტირებული
მოსკოვიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“, 38 წლის მამუკა ონიანია დეპორტირებული. გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, ონიანი მოსკოვი-კიევის რეისით დომოდედოვოს აეროპორტიდან გააძევეს. მისი დეპორტაციის და რუსეთში 5 წლის განმავლობაში ჩასვლის უფლების აკრძალვის გადაწყვეტილება ქალაქ სარატოვის სასამართლომ მიიღო.
მამუკა ონიანი საქართველოს ლენტეხის რაიონშია დაბადებული. ონიანი სარატოვში 18 სექტემბერს, მიგრაციული კანონმდებლობის დარღვევისთვის დააკავეს. რეგლამენტის მიხედვით, „კანონიერმა ქურდმა“ სარატოვის საპასპორტო სამსახურს საბუთების რეგისტარციის მიზნით მიმართა, მაგრამ ამის ნაცვლად „საპასპორტო მაგიდამ“ საბუთები სასამართლოს გადასცა, რომელმაც რუსეთში ონიანის ყოფნა მიზანშეუწონლად ჩათვალა.
შეგახსენებთ, რომ 2013 წელს ონიანი, რომელიც „კანონიერ ქურდად“ სამი თვით ადრე „მონათლეს“, კიევში დააკავეს, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და თურქეთში გააძევეს. ახლა კი ონიანი კვლავ უკრაინაში დაბრუნდა.