გია სოსანაშვილმა მოსამართლეს ჩვენება არ მისცა
ყოფილმა პოლიციელმა გია სოსანაშვილმა, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობაშია ბრალდებული, სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, მან გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება და არ სურს პროკურორის კითხვებს სასამართლოზე უპასუხოს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა და მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომ ბრალდებულის თანხმობის შემთხვევაში შეკითხვებით მიემართა. თუმცა, გია სოსანაშვილმა პროცესზე უარი განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ბოლო მოწმე დაიკითხა. გარდაცვლილ იური ვაზაგაშვილის მეგობარი შალვა მექვაბიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ დარწმუნებულია, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაკვეთით მოხდა მისი საზოგადოებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
რაც შეეხება სოსანაშვილის უარს დაკითხვაზე, აღნიშნული საქმის პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ ბრალდებულის გაუბედაობით ახსნა. პროკურორმა განმარტა, რომ სოსანაშვილმა ვერ გაბედა შეკითხვებზე პასუხების გაცემა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს სოსანაშვილთან 100-ზე მეტი შეკითხვა ჰქონდა.
მისი თქმით, ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოადგინა 67 მოწმე და 9 ტომი მტკიცებულებები გამოიკვლია.
კომენტარი სასამართლო სხდომის შემდეგ გააკეთა სოსანაშვილის ადვოკატმაც.
როგორც სოსო ჯოგლიძემ აღნიშნა, მომავალი პროცესიდან დაიწყებს დაცვის მხარე მტკიცებულების გამოკვლევას. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ არის საკმარისი, რათა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. მომდევნო პროცესი გია სოსანაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე 7 ოქტომბერს გაიმართება.