ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა – ვიდეო

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, საქართველოს მოქალაქე ოთარ ც. დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ოთარ ც. აფხაზეთიდან დევნილ ცოლ-ქმარს, საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სამეგობრო წრის დახმარებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ბინის მისაღებად საჭირო ქულების მომატებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ მოითხოვა ფულადი თანხა 8000 ლარი.
“ქულების მიღების მიზნით, ოთარ ც-მ დევნილი ცოლ-ქმარი მიიყვანა ქ.თბილისში მდებარე ორ კლინიკაში თავის ნაცნობ ექიმებთან, სადაც მათ ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება, რომლის საფუძველზე გასცეს ყალბი სამედიცინო ცნობები – ფორმა N100, რომელთა მიხედვით აღნიშნულ პირებს თითქოს და აღენიშნებათ ფილტვების ქრონიკული დაავადება.
2015 წლის 28 სექტემბერს ოთარ ც-მ აიღო მის მიერ მოთხოვნილი თანხა 8000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია (საქართველის სსკ-ის კოდექსის 19 -180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიება გრძელდება და დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვის ქმედებებშიც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება“,-აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები