“უცხოეთში ამდენი ქართველია გადახვეწილი – ძალიან საშიში და ძალიან ცუდია“
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სტამბოლში, სადაც მსოფლიო პატრიარქმა ყველა მართლმადიდებელი, ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები, პატრიარქები მიიწვია და იყო მსჯელობა მომავალ კრებაზე, რომელიც შეიძლება შედგეს ორ წელიწადში.
უწმინდესის აზრით, ეს კრება უნდა იყოს მაჩვენებელი მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი ძალისა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დაპირისპირება კი არ მოხდეს ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის, არამედ ერთი სული და ერთი გონება უნდა სუფევდეს.
ქადაგების დროს პატრიარქმა ქართველებთან შეხვედრაც გაიხსენა. “გასულ კვირას მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა ეწოდებოდა და ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთობრივი წირვა შევასრულეთ. საოცარი იყო, რომ მრევლის ნახევარზე მეტი იყო ქართველი. ერთის მხრივ, მე ძალიან გამიხარდა, რომ ქართველები ვნახე იქ და მეორეს მხრივ მეწყინა, უცხოეთში ამდენი ქართველი გადახვეწილი ძალიან საშიში და ძალიან ცუდია. რომ შევხვდით, ატყდა ტირილი და მსოფლიო პატრიარქები გვიყურებდნენ გაოცებული თუ რა ხდებოდა. ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის და მე მოვუწოდე მათ, რომ მალე დაამთავრონ თავისი საქმიანობა უცხოეთში და დაბრუნდნენ სახლში, სამშობლოში”, – აღნიშნა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში, უწმინდესმა დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
უწმინდესი იმედოვნებს, რომ“განათლების სამინისტრო მივა იმ დასკვნამდე, რომ საშუალო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებებლებში ანალიტიკური აზროვნება შეტანილი იქნება“