გია ვოლსკი: როდესაც კრიტიკა პოლიტიკური მტრობის ფორმას იძენს, ეს ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის მომგებიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი, გაეროს 2015 წლის შემდგომი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში კრიტიკის საფუძველს ვერ ხედავს. მისი განცხადებით, ამ გამოსვლის ირგვლივ, მას რაიმე სერიოზული კრიტიკა, არ მოუსმენია.

ვოლსკი ამბობს, რომ კრიტიკა კარგია და მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ როდესაც ის პოლიტიკურ სპეკულაციაში გადადის და პოლიტიკური მტრობის ფორმას იძენს, ეს ქვეყნისთვის არამომგებიანი ხდება.

„არც ერთი შეფასება უარყოფითი, გარდა იმისა, რომ გრამატიკულ ნაწილს უწუნებენ, არ გამიგია რეალურად. შეიძლება მე გამოვტოვე რამე. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვხედავ კრიტიკის საფუძველს გინდა კეთილის მსურველებისაგან, გინდა კრიტიკული ნაწილისაგან. საერთოდ, რა თქმა უნდა, კრიტიკული უნდა იყო, მაგრამ ასეთი ყოველმხრივი გამოსვლა – უსაფრთხოებაზე საუბარი, ეკონომიკური განვითარების საკითხებზე, სოციალურ თემებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, მე მგონი, სრულ სურათს იძლევა იმისა, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს ვითარებაში პატარა სახელმწიფო ნაკლები რესურსებით, მაგრამ ბევრი მეგობრებით, რომლებიც მზად არიან მხარში ამოგვიდგნენ. საერთაშორისო თანამეგობრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ამ საკითხზე მქონდა არაოფიციალური გადალაპარაკება, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანს ვესაუბრე და ეს არის ის საკითხები, რომლის გაგონებასაც და რომელზე პოზიციის ჩამოყალიბებასაც ელოდებოდნენ ჩვენი მეგობრები მის გამგზავრებამდეც და საუბრის შემდეგ უკვე შეგვიძლია გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. ბევრი კონსულტაციები იყო საერთოდ ამ მიმართულებების ჩამოყალიბებაში საკმაოდ გამოცდილმა ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. ასე რომ, კრიტიკა კარგია, უნდა იყოს კიდეც, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მაგრამ როდესაც კრიტიკა პოლიტიკურ სპეკულაციაში გადადის და პოლიტიკური მტრობის ფორმას იძენს, ეს ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის კარგი და მომგებიანი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

26 სექტემბერს გაეროს 2015 წლის მდგრადი განვითარების სამიტზე, მსოფლიოს ლიდერებთან ერთად, სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოვიდა. 2015 წლის შემდგომი განვითარება – ეს იყო მთავარი თემა, რაზეც მთავრობის მეთაურმა გაეროს ტრიბუნალზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები