თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს (ფოტოკოლაჟი)

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომის 22 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა დავით ებრალიძემ და ანა დოლიძემ აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ასევე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და ეროვნული გვარდიის მეთაური, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე.
„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო ყველა ოჯახს, რომელთა შვილები გმირულად დაიღუპნენ ამ დღეს. ტრაგიკულის გარდა ეს დღე კონკრეტული ადამიანების გმირობის დღე იყო. სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს გამოასწოროს არსებული მდგომარეობა. ეს არ არის მარტო თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია. ეს არის მთელი ერის მოვალეობა, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ და ნაბიჯნაბიჯ მოვაგვაროთ პრობლემა,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ.
მემორიალთან საზოგადოების წარმომადგენლები და დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები