ავღანეთში გარდაცვლილი სამხედრო ვასილ ყულჯანიშვილი თბილისში ჩამოასვენეს (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი თბილისის სამთავრობო აეროპორტში ჩამოასვენეს. გმირულად დაღუპული ჯარისკაცი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით სპეციალური რეისით ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს. დაღუპულ სამხედროს საქართველოში თანამებრძოლი, პირველი კლასის რიგითი გიორგი ყორღანაშვილი ჩამოჰყვა.
IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით მიმდინარეობს.
სამგლოვიარო ცერემონიალს დაღუპულის ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები ესწრებიან.

აეროპორტში ასევე მივიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში უილიამ ლაჰიუ, ნატოს სამხედრო წარმომადგენელი საქართველოში, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები.

ვასილ ყულჯანიშვილი 1981 წლის 8 აგვისტოს დაიბადა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ამჯერად კი ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში იმყოფებოდა. პატრულირებისას ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა როსტობაია დაიჭრა. დაზღვევაზე მყოფი პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი დაშავებული თანამებრძოლის ევაკუაციის დროს დაიღუპა.

გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მთავრობა კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, დაკრძალვის ხარჯებს კი თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.
აეროპორტში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი.
აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიალს საპატიო ყარაული დახვდა. გარდაცვლილ სამხედროს დღეს რუსთავში გადაასვენებენ და სამშაბათს, ოჯახის გადაწყვეტილებით, რუსთავშივე დაკრძალავენ.

12009650_1064408800258528_7656403012794124953_n

12036897_1064408846925190_5317061242466517703_n

12046609_1064408796925195_6639924007191652374_n

12049209_1064408803591861_5700198228733659094_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები