„აფხაზეთში მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა, ისინი საკუთარი მოსახლეობის რაოდენობას ხელოვნურად ზრდიან“

„აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა აფხაზეთში მძიმე დემოგრაფიულ ვითარებაზე უკვე ღიად საუბრობს, მათივე მონაცემებით, მცირდება შობადობის მაჩვენებელი, ხოლო გარდაცვალებისა კი იზრდება, შესაბამისად, მოსახლეობის ბუნებრივი მატება კლებულობს“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ გააკეთა.
თამარ ჩიბურდანიძემ აფხაზეთის მოსახლეობის რეალურ ოდენობაზე დოკუმენტებზე დაყრდნობით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ აფხაზები თავიანთ რაოდენობას ხელოვნურად ზრდიან.
„ 1959 წელს აფხაზეთის მოსახლეობა 365 370 ადამიანს შეადგენდა, 1989 წელს კი, აღწერის მიხედვით – 524 ათასს. აფხაზეთი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო 1991 წელს – 528 ათასი მცხოვრებით. ამის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობა, ცნობილი მიზეზების გამო, უაღრესად შემცირდა და 2003 წელს მხოლოდ 214 016 კაცს შეადგენდა, 2011 წელს იქ უკვე 240 705 კაცი ცხოვრობდა, 2014 წელს კი – 242 756.
მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქცია აღარ ვრცელდება, ორჯერ ჩატარდა მოსახლეობის აღწერა – 2003 და 2011 წლებში. 2003 წელს აფხაზების რაოდენობა – 94 597კაცს, ხოლო 2011 წელს 122 175 კაცს შეადგენდა. არცერთი მონაცემი, განსაკუთრებით კი აფხაზების რაოდენობის 2011 წლის მაჩვენებელი სინამდვილეს არ შეეფერება. 1989 წელს აფხაზების რაოდენობა 93 267 კაცს შეადგენდა, ხოლო 2003 წელს – 94 597-ს, ანუ 1330 კაცით გაიზარდა. 2011 წელს აფხაზეთში, უკვე აღწერის მიხედვით, 122 175 კაცი ცხოვრობდა – 27 578 მეტი 2003 წელთან შედარებით. აფხაზეთის ეკონომიკის მთლიანად მოშლისა და სისხლისმღვრელი მძიმე ომის შემდეგ დაუჯერებელია, 2003 წლისთვის თუნდაც 1330 კაცით აფხაზი მოსახლეობის ზრდა და, მითუმეტეს, 2003-2011 წლებში თითქმის 28 ათასი კაცით მატება“,- აღნიშნა ჩიბურდანიძემ.
მისი განცხადებით, აღწერის შედეგების არასიღრმისეულად გაანალიზებაც კი ნათლად გვიჩვენებს, რომ მონაცემები გაბერილია. რეალურ ვითარებას რამდენიმე ფაქტი ცხადყოფს:
1. 1959–1989 წლებში, ე.ი. 30 წელიწადში, აფხაზების მატებამ 32 074 კაცი შეადგინა – საშუალოდ წელიწადში 1069 კაცი. მძიმე ომის შემდგომ 8 წელიწადში (2003–2011) კი აფხაზი მოსახლეობის მატება, მათი მონაცემებით, 3434 კაცს უდრიდა, რაც არარეალურია;
მოსახლეობის მატების მხოლოდ ორი გზა არსებობს – ბუნებრივი და მიგრაციული. აფხაზეთის სტატისტიკური კრებულის („აფხაზეთი ციფრებში”, 2013) მონაცემების მიხედვით, 2003–2011 წლებში აფხაზეთის მოსახლეობის ბუნებრივი მატება 3947 კაცს შეადგენდა, ე.ი. 3947 კაცით მეტი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. აფხაზეთში მოსახლეობის მიგრაციულმა სალდომ 2003–2011 წლებში მინუს 854 კაცი შეადგინა, ე.ი. 854 კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. მოსახლეობის მატება, როგორც აღვნიშნეთ, მოსახლეობის ბუნებრივი მატებისა და მიგრაციული მატების ჯამის ტოლია. მაშასადამე, მოსახლეობის საერთო მატება ამ შემთხვევაში 3093 კაცს (3947–854) უდრის.
ამრიგად, აფხაზეთის მოსახლეობის საერთო მატება 2003–2011 წლებში მხოლოდ აფხაზების წილადაც რომ მოდიოდეს, 2011 წელს მათი რაოდენობა 97 690 კაცი იქნებოდა (94597+3093) და არა – 122 175 კაცი. ეს უფლებას გვაძლევს, აღვნიშნოთ, რომ აფხაზები თავიანთ რაოდენობას ხელოვნურად ადიდებენ,“- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები