“არ ვაპირებთ, უკრაინის დიდ ჭადრაკის დაფაზე საქართველო ერთ-ერთი პაიკი იყოს, რომელსაც უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით გაწირავენ, ჩვენი ნაბიჯები საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარეობს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
„შანტაჟია საქართველოზე? – ფაქტია, რომ კონკრეტული სახელმწიფოები არსებობენ, კონკრეტულად, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირის ინსტიტუტებს იყენებენ იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების მიმართ საკუთარი ინტერესები გაატარონ. რა თქმა უნდა, ისინი არიან ევროკავშირის სახელმწიფოები და მათ რესურსი აქვთ, ევროკავშირის ინსტიტუტებზე გავლენა იქონიონ, თუმცა ევროკავშირის ინსტიტუტების ბოროტად გამოყენება ხდება საკუთარი ეროვნული ინტერესების მისაღწევად. სამწუხარო ტენდენციას ვხედავთ, რომ იმის ნაცვლად, ევროკავშირი საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ერთიანად მუშაობდეს, რატომღაც ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი ხდება. ინტერესი მარტივია და ხელის გულზე დევს – როგორც ჩანს, ბევრს საერთოდ არ აინტერესებს არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნების ბედი, რომლებიც შეიძლება, უკრაინის თამაშში პაიკად გაიწიროს. არ ვაპირებთ, უკრაინის დიდ ჭადრაკის დაფაზე საქართველო ერთ-ერთი პაიკი იყოს, რომელსაც უბრალოდ, ერთი ხელის მოსმით გაწირავენ. ამ თამაშს ვხედავთ და ჩვენი ნაბიჯები იქიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ინტერესები დაცული იყოს. ამის გამო, შედარებით ხისტი განცხადებების კეთება გვიწევს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.