ზვიად ძიძიგური: ჩვენ მაჟორიტარული არჩევნების სხვაგვარად გადათამაშებას ვითხოვდით, და არა გაუქმებას

ახალ საარჩევნო სისტემაზე 2016 წლის არჩევნებისთვის გადასვლით, კოალიციის ერთიანობას სერიოზული საფრთხე შეექმნება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ძიძიგურმა განმარტა, წინა ხელისუფლების დროს ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არ ითხოვდა.
მისივე თქმით, კოალიციაში რამდენიმე ათეული დეპუტატია, რომელიც მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს არ დაუჭერს და არც თავად ძიძიგური დაუჭერს მხარს.
“თუ აპელირებას წარსულზე გავაკეთებთ, შეგიძლიათ ოპოზიციური “რვიანის” ხელისუფლებასთან შეთავაზება ნახოთ – ერთი სიტყვით არ წერია იქ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გაუქმების შესახებ. კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ მაშინ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ვითხოვდით. ეს ასე არ იყო. ჩვენ მაჟორიტარული არჩევნების სხვაგვარად გადათამაშებას ვითხოვდით. 2008 წელს ოპოზიცია იმის გამო შიმშილობდა, რომ 100 მანდატი პარტიული სიით, ხოლო 50 მანდატი მაჟორიტარული სისტემით უნდა გადანაწილებულიყო, რაც სააკაშვილმა ზედ არჩევნების წინ შეცვალა”, – განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციისთვის უმრავლესობის პოლიტიკური არასტაბილურობა ხელსაყრელია, თუმცა, უმრავლესობა ითვალისწინებს რა მთელ რიგ პოლიტიკურ გარემოებებს, მსგავს შემთხვევა არ დაუშვებს.
“ეს ორეტაპიანი რეფორმაა. ის თუ რატომ არ ვაკეთებთ ამას 2016 წლის არჩევნებისთვის, ამაზე პასუხი მარტივია – ეს არის კოალიციური კონსესუსის შედეგი. კოალიციაში დღესაც ჰყავს მომხრე მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას, არსებული შერეული სისტემის შენარჩუნებას და ჰყავს მომხრეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლასაც. ამიტომ ჩვენ მიერ წარდგენილი პროექტი არის კოალიციაში კონსენსუსის შედეგი.
ოპოზიციაში ყოფნის დროს ჩვენ ყოველთვის ვითხოვდით, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქებისთვის 50%-იანი ბარიერის დაწესებას. ჩვენ 50%-იანი ბარიერის თემაც განვაცხადეთ და თითქოს არაფერი – ამ თემაზე სრული დუმილია და რაიმე გამოხმაურება არ გვინახავს. მაჟორიტარული ოლქების გამოთანაბრებაზე ჩვენ გვაქვს ჩვენი პროექტი და მოვუწოდებ სხვა პარტიებს, თავიანთი პროექტებიც გაამზადონ, თუ როგორ შეიძლება ოლქების და მანდატის წონის თანაბრობის უზრუნველყოფა. თუ ამის შეჯერებას მოვახერხებთ, ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენ საკმარისი ხმები იმისათვის, რომ საარჩევნო სისტემა 2016 წლის არჩევნებისთვის შევცალოთ, არ გვაქვს.
“ნაციონალური მოძრაობა” და “თავისუფალი დემოკრატები” გვთავაზობენ, ჩვენ დაგიჭერთ მხარს და ხმებს მოვაგროვებთო. გამოდის ძალიან საინტერესო კომბინაცია, რომ ჩვენ ჩვენივე კოალიციის წევრების ხმებზე – რამდენიმე ათეული დეპუტატის ხმაზე უარი ვთქვათ და სანაცვლოდ, ოპოზიციონერი დეპუტატების ხმებით მივიღოთ ესოდენ მნიშვნელოვანი და სერიოზული რეფორმა, რაც კოალიციის ერთიანობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რა თქმა უნდა, “ნაციონალური მოძრაობისთვის” კარგი იქნება, თუ ჩვენ კოალიციაში პრობლემები გვექნება და არც “თავიასუფალი დემოკრატები” იტყვიან ამაზე უარს, მაგრამ ჩვენ ვართ კოალიცია, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ამოცანა, ჩვენ ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობა გვჭირდება და ამ ნაბიჯზე ამ ეტაპზე ვერ წავალთ”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები