თეა წულუკიანი: ხელი უნდა შევუწყოთ პარტიებს, რომ იფიქრონ ქალ კანდიდატებზე

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადამიანის უფლებათა კომიტეტში საკანონმდებლო წინადადების მოსმენას დაესწრო, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში მეტი ჩართულობისათვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებსა და საკანონმდებლო ორგანოში ქალთა კვოტირების მიზნით შემუშავდა.
საკანონმდებლო ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკუთვნით და ის „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.
თეა წულუკიანის თქმით, დიდი ხანია, ქართულ პოლიტიკას აკვირდება და შეუძლია, თქვას, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, კვოტირების წინააღმდეგია ის, ვინც საკითხში სიღრმისეულად არ არის ჩახედული. „მინდა, ღიად გითხრათ, რომ ამ თემაში ჩახედვამდე არ ვემხრობოდი კვოტების სისტემას, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ ეს არის ის, რასაც საქართველოში ყველამ მხარი უნდა დაუჭიროს, თუკი ჩვენ გვინდა, საქართველოში მივაღწიოთ სამართლიანობას პოლიტიკურ პროცესში, და სამართლიანი პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება ქვეყანაში, თუკი საქართველოში ქართველ ქალებს არ ექნებათ თავიანთი ადგილი“,- განაცხადა მინისტრმა. იუსტიციის მინისტრმა კვოტირების სისტემის სახეებზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა ტიპის კვოტირებას უჭერს მხარს. „ერთი არის, როდესაც დრაკონული წესი შემოდის კანონით. ასეთი ქვეყნები არსებობს და არის დარეზერვებული, დაჯავშნილი სკამები ქალებისთვის პარლამენტში. ამ სკამებზე ვერ მოკალათდებიან საპირისპირო სქესის ადამიანები. მე არ მგონია, რომ ჩვენ ასე შორს უნდა წავიდეთ და ქალებისთვის უნდა გამოიყოს დაჯავშნილი სკამები პარლამენტში, რომელთაც ვერ დაიკავებს მამაკაცი. პარლამენტის დონეზე დავაწესოთ კვოტები, ვფიქრობ, არ იქნება მიზანშეწონილი“, − განაცხადა თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს კვოტირების სისტემას პოლიტიკურ პარტიებში. „დროებით დაავალდებულოს პოლიტიკური პარტიები კანონმა, რომ, როდესაც ისინი დასხდებიან თავიანთი პოლიტიკური პარტიების ოფისებში და დაიწყებენ სიების შედგენას, იქ იფიქრონ ქალ კანდიდატებზეც. აი, ამ ტიპის კვოტებზეა აქ საუბარი“,-დასძინა მინისტრმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, ყველას, ვინც ერთხელ მაინც დასწრებია პოლიტიკური პარტიების სიის შედგენას, უნახავს, რომ „სია უცებ ივსება და ივსება მხოლოდ მამაკაცებით. შემდეგ იწყება მოძიება, იმიტომ, რომ გაალამაზონ, თუკი არის აქტივში ქალი, დაამატებენ ხოლმე. „მე არ მახსოვს შემთხვევა, რასაც შევსწრებივარ, თუმცა, ბევრი წლის გამოცდილება არ მაქვს, რომ სიის შედგენისას პარტიებს ეფიქროთ იმაზე, რომ პირველ ათეულში, რომელიც გამსვლელ ათეულად ითვლება, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად დიდია პარტია, თუნდაც, 1/3 ყოფილიყო ქალი. მე ასეთ პროცესს არ შევსწრებივარ და იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთ პროცესს ჩვენ ყველანი შევესწრებით“, − განაცხადა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა ოფიციალური მონაცემებიც მოიყვანა, რომლის თანახმადაც, 4 600 000 საქართველოს მოქალაქიდან 2 500 000 არის ქალი. „2 500 000 ქალი მოქალაქიდან ნახევარი მილიონი არის არასრულწლოვანი, მომავალი ქალბატონი, გოგონა… ზოგადად, პარტიული სიებისთვის კვოტის დაწესება ჩვენ ამ ნახევარი მილიონი გოგონასთვის გვინდა. ეს მე არ მინდა ჩემთვის, ეს ჩვენ ჩვენთვის არ გვინდა − ეს ჩვენ გვინდა მათთვის“, − აღნიშნა თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრის თქმით, გაუგებარია, თუ რატომაა მხოლოდ 18 ქალი 150 დეპუტატში და რატომ იყო წინა პარლამენტში მხოლოდ 11 ქალი. „ხელი უნდა შევუწყოთ პარტიებს, რომ იფიქრონ ქალ კანდიდატებზე. დღეს საქართველოს პარლამენტის კარი ქალებისთვის, პრაქტიკულად, არის დახურული. ეს არის რეალობა. ჩვენი შემოთავაზებაა, 150 დეპუტატიდან მომავალ პარლამენტში იყოს 38 ქალი. თუ ეს არის ბევრი, მაშინ ეს ღიად ვთქვათ და ჩვენ, საქართველოს ქალებს, 2 500 000-ს, გვეცოდინება, რომ თუკი საქართველოს პარლამენტში ვიქნებით 38, ეს მეტისმეტად ბევრია“,-აღნიშნა მან. თეა წულუკიანმა იმ სირთულეებზეც ისაუბრა, რაც ქალის პოლიტიკაში ყოფნას ახლავს და აღნიშნა, რომ ქალებს დიდად აღარ ხიბლავთ პარლამენტში და ხელისუფლებაში ყოფნა, იმდენად რთული პროცესია ეს. იუსტიციის მინისტრმა მოუწოდა ქართველ მამაკაცებს, მხარი დაუჭირონ იმას, რომ საქართველოს პარლამენტის კარი, რომელიც დღეს დაკეტილია ქალებისათვის, რაც შეიძლება ფართოდ გაიღოს, რომ მამაკაცებს, როდესაც ისინი დაიწყებენ ფიქრს − ვინ ჩასვან პარტიულ სიაში, ჰქონდეთ კანონით ვალდებულება, რომ ეძიონ კომპეტენტური ქალები. „ეს ჩვენს ქვეყანას მისცემს ზუსტად იმ პარლამენტს, როგორიც არის საზოგადოება. პარლამენტი უნდა ასახავდეს საზოგადოებას. მე არ მეგულება მამაკაცი ამ 4 600 000-იან საქართველოში, რომელიც მეტყვის, რომ საქართველოს ქალებს, ქრისტემდე პერიოდიდან, არ დაგვიმსახურებია ის, რომ თქვენ ჩვენ მოგვცეთ კარგი კანონი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა. ბოლოს კი თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის კენჭისყრა ნიშნავს იმ საკითხის კენჭისყრას, რომ საქართველოს მომავალი პარლამენტი ასახავდეს საქართველოს საზოგადოებაში არსებულ რეალობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები