თამარ ტალიაშვილმა ინოვაციური პროექტის – „ეს საქართველოა“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პროექტის – „საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგია“ პირველი ნაწილის: „ეს საქართველოა“ პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის – თამარ ტალიაშვილის რეკომენდაციით და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა.
პირველი ნაწილი – „ეს საქართველოა“ ქართული და ინგლისურენოვანი წიგნისა და დისკისაგან შედგება. წიგნში თავმოყრილია ფოტომასალით გაფორმებული აკადემიური ტექსტები კულტურის ძეგლებისა და ეთნოგრაფიული კუთხეების შესახებ. დისკის საშუალებით კი ქართული ტრადიციული ფოლკლორული სიმღერების შესწავლა არის შესაძლებელი. „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის „საქართველოს სულიერი საგანძურის ანთოლოგია“ პირველი ნაწილის – „ეს საქართველოა“ პრეზენტაცია შედგა, რომელიც თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და იმ კულტურულ ფოლკლორულ მემკვიდრეობას აერთიანებს, რომლითაც ამაყობს საქართველო. პროექტი მოიცავს ქართულ საგალობლებს და ხალხურ სიმღერებს საქართველოს ყველა კუთხიდან.
პროდუქტი ინოვაციურია, გარდა დისკისა, პროექტით გათვალისწინებულია წიგნი, რომელშიც აღწერილია ყველაფერი, რაც ქართულ კულტურას წარმოადგენს. ყოველივე მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით კულტურული მემკვიდრეობის შენახვა-გადაცემასა და ქართული საშემსრულებლო სტილის უკვდავყოფას, რეგიონების კულტურულ დახმარებასა და ქართული დიასპორის დაახლოებას ქართული კულტურის ფესვებთან“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
პროექტის პრეზენტაციას საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი ზაზა კოლელიშვილი, პროექტის ავტორები, კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორი იამზე გვათუა, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ წერეთელი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები