დავით უსუფაშვილი “ნაციონალებს” რჩევას აძლევს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და ლიდერებს ურჩევს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სამართლებრივ მოვლენებს დინამიკაში შეხედონ და აუცილებლად დაინახავენ პროგრესს.
მისივე განცხადებით, რომ არა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაშვებული შეცდომები, თუნდაც, პატიმრების უფლებების დარღვევა ან პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემაში, დღეს ხელისუფლებას უფრო მეტის გაკეთების საშუალება ექნებოდა.
“მე ვისურვებდი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავისი ანალიზი არა ბოლო ერთ კვირას, ან სამ წელიწადს დაუთმოს, არამედ – 10 წელიწადს და ძალიან მარტივად დაინახავენ, რომ ადამიანის უფლებები ის სფეროა, სადაც ქართულ სახელმწიფოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და წარმატება. “ნაციონალურ მოძრაობას” თავად რომ მოეგვარებინა ეს პრობლემები და მართლმსაჯულება ყოფილიყო დამოუკიდებელი იმ დონით, რა დონითაც დღეს არის, პატიმრების უფლებები დაცული ყოფილიყო იმ დონით, რა დონითაც ახლაა, პოლიტიკური ჩარევა სასამართლოში და მართლმსაჯულებაში ყოფილიყო ისე დაბალი, როგორიც დღესაა, ჩვენ საშუალება მოგვეცემოდა, კიდევ უფრო წინ წაგვეწია ეს საქმე. ასე რომ, თუ “ნაციონალური მოძრაობა” რაიმე ანალიზს გააკეთებს, ვურჩევდი, რომ ცოტა დინამიკაში შეხედონ მოვლენებს და ნათლად დაინახავენ, რომ პროგრესი სახეზეა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.